"ბავშვობაში ჩემპიონთა ლიგის ყურების უფლებას არ მაძლევდნენ - ქოჩორაშვილი "სპორტინგში" წარადგინეს

"გჯეროდეთ, იშრომეთ და გქონდეთ დისციპლინა" - ქოჩორაშვილი "სპორტინგში" წარადგინეს

ივლ. 8, 2025 - 01:57
 0
"ბავშვობაში ჩემპიონთა ლიგის ყურების უფლებას არ მაძლევდნენ - ქოჩორაშვილი "სპორტინგში" წარადგინეს
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ქოჩორაშვილმა, კარიერის ახალი თავი პორტუგალიის გრანდში, ლისაბონის „სპორტინგში“ დაიწყო. კლუბმა ქართველ ფეხბურთელი ოფიციალურად წარადგინა და გულშემატკივრებს ქოჩორაშვილის შთამბეჭდავი ინტერვიუ გააცნო, რომელიც არა მხოლოდ სპორტული, არამედ ღრმა ადამიანური მესიჯებითაც გამოირჩევა.

"ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გუნდს შევუერთდი. მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას. მალე შევხვდებით" – ამბობს 26 წლის ქართველი ნახევარმცველი, რომელმაც „სპორტინგთან“ 2030 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. შეთანხმებაში მითითებული გამოსასყიდი თანხა 80 მილიონ ევროს შეადგენს.

ქოჩორაშვილის სიტყვებმა განსაკუთრებული გამოხმაურება გამოიწვია: მან გულწრფელად ილაპარაკა მის შთაგონებაზე – Marvel-ის პერსონაჟ „კაპიტან ამერიკაზე“, რომელსაც პატარაობიდან ეფანებოდა. გიორგის განმარტებით, გოლის აღნიშვნის დროს ამ პერსონაჟის პოსტი სიმბოლურად იმ ბავშვებისთვისაა, ვისაც ხშირად ეუბნებიან, რომ ისინი საკმარისად ძლიერები არ არიან.

"როცა გოლს ასე აღვნიშნავ, მინდა, ბავშვებს მაგალითი მივცე – თუ მე შევძელი, თუ კაპიტანმა ამერიკამ შეძლო, თქვენც შეძლებთ. გჯეროდეთ, იშრომეთ და გქონდეთ დისციპლინა" – ამბობს ქოჩორაშვილი.

ქართველი ფეხბურთელი განსაკუთრებით ემოციურად შეეხო ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის მოლოდინსაც – ეს იქნება მისი პირველი მონაწილეობა ევროპის პრესტიჟულ ტურნირში:

"ბავშვობაში ჩემპიონთა ლიგის მატჩების ყურების უფლებას არ მაძლევდნენ, რადგან გვიანი იყო და უნდა დამეძინა... ახლა ამ ოცნებით ვცხოვრობ."

ქოჩორაშვილი "სპორტინგის“ ახალგაცნობილ გარემოს დადებითად აფასებს – მისი თქმით, თანაგუნდელებმა გულთბილად მიიღეს, რამაც თავიდანვე უცხოობის შეგრძნება გაუქრო.

გიორგიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გუნდური მოთამაშეა, რომელსაც თანაბრად უყვარს თავდაცვაცა და შეტევაც, და ყველაფერს აკეთებს, რათა „თამაშის ტემპი აკონტროლოს და საჯარიმომდე დროულად მივიდეს.“

მისი მთავარი მიზანი ახლა გუნდისთვის საკუთარი ძალების მაქსიმალურად შეთავაზება და ქომაგების ნდობის დამსახურებაა:

"ვიცი, რომ თუ ერთსულოვნები ვიქნებით, შევძლებთ იმ გზის გაგრძელებას, რაც უკვე გაკეთდა. ბევრს ვიშრომებ, რათა ყველას ვაჩვენო, რომ ამ მაისურის ტარებას ვიმსახურებ."

გიორგი ქოჩორაშვილის პირველი სიტყვები როგორც „სპორტინგის“ ფეხბურთელის, არ იყო მხოლოდ პროფესიული გეგმების დეკლარაცია — ეს იყო სპორტსმენის ღრმა და ადამიანური გზავნილი ბრძოლაზე, შრომაზე, მოლოდინებზე და რწმენაზე, რომელიც მისი კარიერის მტკიცე საფუძველია.

ქართველი ნახევარმცველი ახალი სეზონისთვის ემზადება, ქომაგები კი მოუთმენლად ელიან მას ჩემპიონთა ლიგის საფეხურზე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow