ბურჯანაძე და ბექაია ფიბა-ს მინისაკალათბურთო სამწვრთნელო პროგრამას ლუქსემბურგში დახურავენ
ბურჯანაძე და ბექაია ფიბა-ს მინისაკალათბურთო სამწვრთნელო პროგრამას ლუქსემბურგში დახურავენ

ეს გახლავთ მესამე და დასკვნითი სემინარები, რომელიც გამოცდებით დასრულდება და მათი წარმატებით გავლის შემთხვევაში, მონაწილეები შესაბამის სერთიფიკატებს მიიღებენ. მეორე ეტაპი ონლაინ-სემინარები გახლდათ, რომელიც მონაწილეთათვის ზამთარში ჩატარდა. რაც შეეხება პირველ ეტაპს, ის გასული წლის ივნისში, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართა, რომელსაც ბურჯანაძე და ბექაია დაესწრნენ.
ნიკა ბურჯანაძე საკალათბურთო კლუბ “ვინგსის” დამაარსებელი და მთავარი მწვრთნელია, რომელმაც კლუბი ისე განავითარა, რომ რამდენჯერმე მოიგო Junior NBA და სხვადასხვა ასაკობრივი ლიგები. ბურჯანაძე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა და დიდი ხანი არაა, რაც მთავარი მწვრთნელი გახდა. იგი აქტიურად არის ჩართული მოზარდ კალათბურთელებთან მუშაობაში.
ბექა ბექაია შედარებით ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელმაც სათამაშო კარიერა იმის გამო დაასრულა, რომ ფოთში, როლანდ გარუჩავას დაარსებულ საკალათბურთო სკოლას გაძღოლოდა. ბექაიას ხელმძღვანელობით ფოთის 16-წლამდელთა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი, A ლიგის საგზური მოიპოვა და შემდეგი სეზონისთვის შეინარჩუნა, ბექაია გახლავთ 16-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი და გარდა ამისა, ისაა სამეგრელოს კალათბურთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი და აქტიურადაა ჩართული ყველა მიმდინარე რეგიონულ პროგრამაში.
ლუქსემბურგში 3 დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის სემინარები ჩატარდება, როგორც პრაქტიკული ხასიათის, ისე თეორიული და ეს ყველაფერი ტესტირებით დასრულდება. გამოცდების წარმატებით გავლის შემთხვევაში ბურჯანაძე და ბექაია გახდებიან პირველი ქართველი მწვრთნელები, რომლებიც ფიბა-ს აღნიშნულ სერტიფიკატებს (FIBA European Mini Basketball Coaching Course) მიიღებენ.
gbf.ge
What's Your Reaction?






