
“ზურა ჯაფარიძის დაპატიმრება იქნება უმძიმესი გამოწვევა დემოკრატიისთვის საქართველოში.
ამას უნდა გავუსწოროთ თვალი. კომისია, მისი გამოცხადების აუცილებლობა, ბრალეულობა სიყალბეა.
ბევრი შინაგანად მიესალმება, რადგან ამით ფიქრობს რომ მუხტი აიწევა, სანქციები უფრო დასაბუთდება, რეჟიმი მეტად გაშავდება.
ყველაფერი მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საზოგადოება ამას მწვავედ და პრინციპულად აღიქვამს.
გაიაზრებს, რომ საქმე ეხება არა პოლიტიკოსის მოწონება-დაწუნებას, არამედ საქართველოში დემოკრატიის არსებობა-არარსებობას.
თუ საზოგადოება ვერ იცავს საკუთარ პოლიტიკურ პირს, ნიშნავს რომ ზოგადად გულგრილია დემოკრატიის მიმართ.
პარტიას ჰყავს მომხრე და არა მხარდამჭერი. მომხრე, რომელიც არ არის მზად იბრძოლოს საკუთარი არჩევანისთვის, არამედ დროებით ემხრობა არჩევანს.
ამიტომ მისი დაპატიმრება კიდევ ერთი ტესტია დემოკრატიისთვის.
ვისაც სანქცია ეიმედება და საშველი ჰგონია, უნდა იცოდეს, რომ ირანის მიმართ 5000-ზე მეტი სანქცია მოქმედებს…
და იწყება ბირთვული გამდიდრებისთვის საჭირო ნედლეულით და სრულდება სამედიცინო აპარატურით, წამლებით…
ადამიანები სიკვდილს უყურებენ თვალებში არათავისუფალი რეჟიმის პირობებში, მაგრამ არ ჰყოფნით ძალა და ნებისყოფა წინ აღუდგნენ…
სანქცია საშველია თუ საზოგადოება მზად არის თავადაც იბრძოლოს, მაგრამ თუ საზოგადოება უმოქმედოა სანქცია რეჟიმთან ერთად მასაც იყოლებს…
ასე მოხდება საქართველოს შემთხვევაშიც თუ საზოგადოებამ გამოცდა ღირსებაში და თავისუფლებაში ვერ ჩააბარა.
პოლიტიკური პირის, საზოგადოების ერთი ნაწილის რჩეული პირის დაპატიმრება უსაფუძვლოდ, თითიდან გამოწოვილი ბრალდებით არის წითელი ხაზი, რომელიც ცვლის საზოგადოების ხარისხს, მისადმი დანარჩენი თავისუფალი სამყაროს დამოკიდებულებას.
რატომ უნდა დააპატიმრონ პოლიტიკური პირი, არჩეული დეპუტატი, პოლიტიკური პარტიის ლიდერი?
რადგან არ გამოცხადდა იმ დანაშაულების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე, რომელთანაც არავითარი შემხებლობა არ აქვს?
კიდევ ერთხელ, აქ არის არა გემოვნების და მიკერძოების საკითხი, არამედ დემოკრატიის, სამართლიანობის არსებობა-არარსებობის ტესტი…
რომელიც შეიძლება რეჟიმმა ვერ ჩააბაროს, განზრახ არ ჩააბაროს, მაგრამ არ შეიძლება ამაში ჩაიჭრას საზოგადოება.
მხარდაჭერა ზურა ჯაფარიძეს,” – წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ჩხეიძე.