კიოლნი და ჰამბურგი ბუნდესლიგაში აღზევდნენ - ზივზივაძის გუნდი ელვერსბერგს შეხვდება
გერმანიის მეორე დივიზიონში სეზონი დასასრულს მიუახლოვდა და იმ გუნდთა ვინაობაც გაირკვა, რომლებიც მომავალ სეზონს უკვე ბუნდესლიგაში გააგრძელებენ...

ყველაზე მეტად სანატრელ მიზანს „კიოლნი“ მიუახლოვდა – გუნდმა ბოლო ტურში უპირობო უპირატესობით, 4:0 დაამარცხა „კაიზერსლაუტერნი“ და სეზონი 61 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. „თხებმა“ თავიანთი დაბრუნება გერმანიის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში დამაჯერებელი სტილით მოახერხეს.
მათთან ერთად ბუნდესლიგაში „ჰამბურგიც“ გადავიდა, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ტურში „ფიურთთან“ 2:3 დამარცხდა, მაინც შეძლო მე-2 ადგილის შენარჩუნება 59 ქულით.
რაც შეეხება მესამე პოზიციას, აქ „ელვერსბერგმა“ 58 ქულით დაამთავრა ჩემპიონატი და გადათამაშების საგზური მოიპოვა. მათ წინ ორმატჩიანი პლეი-აუტი ელოდებათ ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმის“ წინააღმდეგ – შეხვედრები 22 და 26 მაისს გაიმართება. სწორედ ამ დაპირისპირებაში გადაწყდება, ვინ დაიკავებს ბოლო ადგილს მომავალ სეზონში ბუნდესლიგის მონაწილე გუნდებს შორის.
What's Your Reaction?






