კსუ საქართველოს ფუტსალის ლიგის ჩემპიონია

სამი წლის წინ კავკასიელები ფინალში გავიდნენ, მაგრამ ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსთან დამარცხდნენ და ჩემპიონობას ვერ შესწვდნენ..

ივნ. 20, 2025 - 20:27
 0
კსუ საქართველოს ფუტსალის ლიგის ჩემპიონია
სამი წლის წინ კავკასიელები ფინალში გავიდნენ, მაგრამ ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსთან დამარცხდნენ და ჩემპიონობას ვერ შესწვდნენ. არა და, 2011 წელს ოქროს მედლები სწორედ კავკასიამ იზეიმა. იმ ტრიუმფიდან 4 წლის შემდეგ, კსუ-მ კავკასიური ოქროს წრე მოხაზა, მეორედ გახდა ფუტსალში საქართველოს ჩემპიონი და ოქროს მედლები სწორედ ჯორჯიანსელებს გამოსტაცა.

საჩემპიონო ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრაში, ნიუ ვიჟენმა იმარჯვა და ოქროს მედლების მარათონში ანგარიში გაათანაბრა, 2:2. შესაბამისად, ფინალური სერიის მეხუთე, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა. თამაშის ტემპი, საგოლე მომენტების სიუხვე, ინდივიდუალური ოსტატობის დემონსტრირება, მეკარეების თავგამოდებული თამაში... ამ და სხვა დინამიური ელემენტებით ეს შეხვედრა მართლაც რომ გამორჩეული გახლდათ.

სასტარტო 5-7 წუთი სწრაფ ტემპში, მაგრამ უგოლოდ გაილია. ამის შემდეგ ტემპმა მცირედით იკლო, მაგრამ მალევე დაუბრუნდა მაღალ ნიშნულ. დინამიურობა და დრამატიზმი კი მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე იყო. თუმცა, მოწინააღმდეგეთა ქომაგების მხრიდან, ანგარიშის გახსნის მოლოდინი უსაზღვროდ და თანაც ბოლო წუთამდე გაიწელა. არა და, ანგარიშის გახსნასთან ორივე გუნდი ახლოს იყო, თანაც არაერთხელ. პირველი ტაიმის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, კსუ-მ გაფრთხილებების ლიმიტი ამოწურა, მაგრამ ტაიმი პენალტის გარეშე დასრულდა.

მეორე ტაიმიც უშეღავათო ბრძოლით დაიწყო და ბოლომდე ასე გაგრძელდა. საგოლე მომენტები (რომელთა სიტყვებით გადმოცემა გამართლებული არ იქნება, უმჯობესია ამ მატჩის ვიდეოში ნახოთ ფუტსალის ლიგის იუთუბ-არხზე) კვლავაც არაერთი იყო, თანაც ორივე კართან. განსაკუთრებით დრამატული გახლდათ მატჩის ბოლო 3 წუთი, როცა კავკასიელთა მეკარე ალი ასლანმა სამი მკვდარი ბურთი მოიგერია, რითაც თავისი გუნდის წარმატებაში ლომის წვლილი შეიტანა. ამ შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი ბოლო წუთზე, უფრო სწორედ ბოლო წამზე იყო. მატჩის მიწურულს იმისი მოლოდინი იყო, რომ ან ერთი გოლი გადაწყვეტდა ყველაფერს, ან გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია თუ არა, მინიმუმ ორი დამატებითი ტაიმი მაინც გახდებოდა საჭირო. თუმცა, ზუსტად ბოლო წამზე, კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს, ნიკა ხარატიშვილმა ზუსტი დარტყმით კარის ბადეში მიუჩინა ადგილი და საჩემპიონო გოლი ჩაიწერა აქტივში.


ასე რომ, კსუ მეორედ გახდა ფუტსალში საქარველოს ჩემპიონი. ოქროს მედლების მფლობელთა გარდა, ფუტსალის ლიგის სეზონის რჩეულებიც გამოვლინდნენ, რომელშიც კავკასიური ოქროს წრე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა (რჩეულთა ექვსი ნომინაციიდან ოთხში, კავკასიის მოთამაშეები დასახელდა. რჩეულთა ჩამონათვალი ასეთია:

ფუტსალის ლიგის საუკეთესო მეკარე - ალი ასლანი (კსუ)

ფუტსალის ლიგის საუკეთესო მცველი - საბა ტყეშელაშვილი (კსუ)

ფუტსალის ლიგის საუკეთესო უნივერსალი - გიორგი ჩიმაკაძე (კსუ)

ფუტსალის ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი და ბომბარდირი - იტალო ფსილიო (49 გოლი; ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი)

ფუტსალის ლიგის საუკეთესო მწვრთნელი - ლევან კობაიძე (კსუ)

ფუტსალის ლიგის (2024-2025 წლების სეზონის) საუკეთესო ფეხბურთელი - ვილიან დე სოუზა (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი)


geofutsal

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow