მარგვეთმა ივერიონს გაუთანაბრა, ქუთაისი კი ბათუმს 2:0 უგებს

მეოთხედფინალური სერიების მეორე მატჩები გაიმართა გორსა და ქუთაისში. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩებში მასპინძლებმა იმარჯვეს...

აპრ. 26, 2025 - 11:56
 0
მარგვეთმა ივერიონს გაუთანაბრა, ქუთაისი კი ბათუმს 2:0 უგებს
მეოთხედფინალური სერიების მეორე მატჩები გაიმართა გორსა და ქუთაისში. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩებში მასპინძლებმა იმარჯვეს – გორში ივერიონმა ზესტაფონის მარგვეთს სძლია, ხოლო ქუთაისმა ბათუმს მოუგო. დღევანდელ მატჩებში ეს პირობა სანახევროდ შესრულდა. ქუთაისმა კვლავ იმარჯვა, ხოლო გორელებმა ვერ შეძლეს მარგვეთის დამარცხება და სერიაში ანგარიში გათანაბრდა.

არადა, ივერიონმა ჩვეულად მძლავრად დაიწყო და პირველი პერიოდის შემდეგ 23:21 იგებდა. გარდატეხა მოხდა მეორე ათწუთეულში, რომელიც სტუმრებმა 31:23 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს – 52:46. ეს იყო და ეს – ზესტაფონელებს მეტოქე ახლოს აღარ მიუშვიათ. მართალია, ივერიონი ბოლომდე ინარჩუნებდა შანსს, მაგრამ სტუმრები გუნდურად, შედეგიანად და ტაქტიკური კუთხით გამართულად თამაშობდნენ.

მესამე პერიოდის შემდეგ მარგვეთის ლიდერობამ 12 ქულას მიაღწია, რაც განგაშის ზარი იყო მასპინძლებისთვის. ივერიონი ეცადა, მაგრამ ვერაფერი შეცვალა – აკოლ მავეინი და დემეტრიუს ლეიკი შედეგიანად თამაშობდნენ, რითაც მასპინძლებს ყოველგვარ შანსს უსპობდნენ. საბოლოოდ თამაში ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა – 108:101 (სტატისტიკა) და მარგვეთმა სერია გაათანაბრა.

გამარჯვებულებს მავეინმა ულიდერა 32 ქულით. 21 ქულა მოაგროვა ლეიკმა, ხოლო მელიკ მარტინმა ორმაგი დუბლი გაიფორმა – 12 ქულა, 12 პასი. გორელთა შემადგენლობაში 31 ქულით საუკეთესო იყო რეჯი მესიდორი, ჯეი პალის ანგარიშზე 19 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა.

ქუთაისში სუპერლიგის მოქმედ ჩემპიონს ცოტა გაუჭირდა. ბათუმმა პირველ მატჩშიც გაუწია გარკვეული წინააღმდეგობა იმერულ კლუბს, თუმცა დღეს, მესამე პერიოდის შუაწელში 6 ქულით – 67:61 იგებდა. აქ მოხდა ის, რასაც 1 კაცის შოუს ეძახიან. მატჩის ბედი გიორგი ოჩხიკიძემ გადაწყვიტა, რომელმაც მესამე პერიოდის ბოლო 5 წუთში 14 ქულა ჩააგდო – ზედიზედ 4 სამქულიანი და ბოლოს ორიანი. მეოთხე პერიოდი ახალი განახლებული იყო, ოჩხიკიძემ კიდევ ერთი სამქულიანი რომ ჩააჭედა და ბათუმელები საბოლოოდ გატეხა – 82:75. დარჩენილ 9 წუთში ქუთაისს არ გასჭირვებია საქმის გამარჯვებამდე მიყვანა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისმა საბოლოოდ 102:93 (სტატისტიკა) იმარჯვა და სერიაში 2:0 დაწინაურდა.

მატჩის გმირმა ოჩხიკიძემ შეხვედრა 25 ქულით დაასრულა. 18 ქულა გიორგი კორსანტიამ მოაგროვა. 14 ქულა და 12 პასი ელაია ჯოინერის ანგარიშზეა. ბათუმელთაგან 22 ქულით ოთარ ბულიავა გამოირჩა. 15 ქულა დავით ლომიძემ მიითვალა.

სერიის მე-3 შეხვედრა ბათუმში, 28 აპრილს გაიმართება.

GBF.GE

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow