მეტროს მესამე ხაზი აუცილებელია, მაგრამ მიწისქვეშა სადგურების მოწყობა ძალიან ძვირი ჯდება

ბოლო პერიოდში მეტროს სადგურების დამატებაზე არაერთი განაცხადი გაკეთდა და პროექტიც გამოქვეყნდა. ამჯერად მიწისქვეშა ხაზის დაგრძელება ვაკემდე განიხილება და თბილისის მერიამ ფასების გამოკითხვაც გამოაცხადა დიდუბე-ვაკე-რუსთაველის მეტროს ახალი ხაზის მშენებლობისთვის. ახალ ხაზს 7 სადგური უნდა ჰქონდეს და ის ერთმანეთს დააკავშირებს, როგორც მეტროს მეორე, ასევე პირველ ხაზს. ახალი ხაზის სიგრძე 8.5 კილომეტრი უნდა იყოს. პროექტის თანახმად, მესამე ხაზის […]

აპრ. 13, 2025 - 15:27
 0
მეტროს მესამე ხაზი აუცილებელია, მაგრამ მიწისქვეშა სადგურების მოწყობა ძალიან ძვირი ჯდება

ბოლო პერიოდში მეტროს სადგურების დამატებაზე არაერთი განაცხადი გაკეთდა და პროექტიც გამოქვეყნდა. ამჯერად მიწისქვეშა ხაზის დაგრძელება ვაკემდე განიხილება და თბილისის მერიამ ფასების გამოკითხვაც გამოაცხადა დიდუბე-ვაკე-რუსთაველის მეტროს ახალი ხაზის მშენებლობისთვის.
ახალ ხაზს 7 სადგური უნდა ჰქონდეს და ის ერთმანეთს დააკავშირებს, როგორც მეტროს მეორე, ასევე პირველ ხაზს. ახალი ხაზის სიგრძე 8.5 კილომეტრი უნდა იყოს.
პროექტის თანახმად, მესამე ხაზის ცენტრალური ნაწილი დაიწყება მეტროსადგურ “დიდუბის” მიმდებარე ტერიტორიიდან და საბურთალოს, ვაკის გავლით უკავშირდება მეტროსადგურ “რუსთაველს”. პროექტის თანახმად, ახალი ხაზი შემდეგ სადგურებს გააერთიანებს: “დიდუბე 2”; “გამოფენა”; “სამედიცინო უნივერსიტეტი 2”; “ცენტრალური პარკი”; “ვაკის პარკი”; “ვაკე”; “რუსთაველი 2”.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა გიორგი შარკოვმა განაცხადა, რომ ერთი კილომეტრი ორმხრივი ხაზის გაყვანის სავარაუდო ღირებულება 70-80 მილიონ დოლარს შეადგენს. შესაბამისად, პროექტის შესაძლო ღირებულება 470-560 მილიონი დოლარის ფარგლებში შეიძლება იყოს. სრული ღირებულება სწორედ ფასების გამოკვლევით უნდა დადგინდეს.
“მესამე ხაზის დანიშნულება იქნება „სადგურის მოედნის“, როგორც ერთადერთი მეტროპოლიტენის არსებულ ხაზებს შორის გადასაჯდომი სადგურის განტვირთვა და მეტროპოლიტენით დედაქალაქის უფრო მეტი უბნების მომსახურება, რისთვისაც მეტროსადგურებზე: „დიდუბე“, „რუსთაველი“ და „სამედიცინო უნივერსიტეტი“ უნდა მოეწყოს მესამე ხაზზე გადასასვლელი ინფრასტრუქტურა” – ნათქვამია პროექტის აღწერაში.
რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიამ ანალოგიური ფასების გამოკითხვა გამოაცხადა მეტროს პირველი ხაზის 5 კილომეტრით დაგრძელების დაპროექტებისთვის. საუბარია გლდანისა და ვარკეთილის მიმართულებებით ახალი სადგურების დამატებაზე.
თბილისის მერიაში სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებაზე არაერთხელ იყო საუბარი, მათ შორის მეტროს მიმართულებითაც. გეგმა ჯერჯერობით იქამდეა მისული, რომ კვლევები მიმდინარეობს, თუმცა რამდენად შესრულებადია ეს მეორე საკითხია. ამ გარემოებასა და სხვა საკითხებზე “რეზონანსთან” ისაუბრა თბილისის გენერალური გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ.
კითხვა: ბოლო პერიოდში ხშირად იყო საუბარი მეტროს ახალი სადგურების დამატებაზე, ამჯერად რამდენად არის იმედი, რომ პროექტი განხორციელდება?
მერაბ ბოლქვაძე: ცალსახა პასუხი იმაზე, რომ 100%-ით შეასრულებენ და მართლაც განახორციელებენ, ძნელია, თუმცა გეტყვით, რომ მსოფლიოს მოწინავე ქალაქები მეტროს ღია წესით აკეთებენ, რადგან მიწისქვეშა გვირაბები ძალიან ძვირი ღირს. ერთი გადარბენა სადღაც 38-40 მილიონამდე აღწევს. გვირაბის გაყვანა, წყლის მოშორება, სადგურების მონტაჟი და სხვა დეტალები ჯამში ძალიან ძვირი ჯდება, ამიტომ ევროპის ქალაქებში მეტრო ღია წესით გაჰყავთ. მაგალითად, კოპენჰაგენში მიწისზედა მეტრო აქვთ და ერთ-ერთი წარმატებული პროექტია ამ ქალაქში. ააშენეს არაერთი სადგური და კიდევ აგრძელებენ მშენებელობას. ღია წესით მეტროს მშენებლობა ტრამვაის მაგვარია და სამჯერ უფრო იაფია, ვიდრე მიწისქვეშა მეტრო, შედეგი კი იგივე აქვს. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სწორად დაგეგმვა და სადგურების მოწყობის არეალების ზუსტად შერჩევა და ა.შ.
საერთოდ, ეს საჯარო ტრანსპორტის განვითარებას ეხება და სწორი გზაა, გინდა მეტრო იყოს, გინდ ჩქარი ტრამვაი.
კითხვა: გენერალური გეგმის ფარგლებში რა რეკომენდაციები იქნება გაცემული?
მერაბ ბოლქვაძე: კორიდორებზე თუ ვისაუბრებთ, ერთ-ერთი მთგანი დიღმიდან იწყებოდა და დიდუბეში და შემდეგ წერეთლის გამზირის გავლით გადიოდა. რაც შეეხება მეტროს, გენერალურ გეგმაში ჩვენ გვქონდა სამგორიდან “ისთ ფოინთის” მიმართულება და შემდეგ ლილოს ბაზრობა, კახეთის რკინიგზის ხაზი რომ გამოგვეყენებინა. მეტროს განვითარებაზე საუბრისას პირველი ეტაპის ღონისძიებებში ეს იყო, მაგრამ რადგან განცხადება იყო, მასზე გამოკითხვაც უნდა ჩატარდეს და ანალიზი უნდა გაკეთდეს, თუ სად შეიძლება სადგურები მოეწყოს, როგორ და რა მიმართულებებზე. შემდეგ ფასები იქნება გადასახედი. მაინც გეტყვით, რომ მიწისქვეშა მეტროს მშენებლობას მოწინავე ქალაქებში ამჯობინებენ ღია მეტროს, რადგან გაცილებით იაფია.
კითხვა: თბილისის მერიის გეგმაც გასაგებია და გენგეგმის რეკომენდაციებიც, მაგრამ მაინც დამატებით სად საჭიროებს მეტრო დაგრძელებას?
მერაბ ბოლქვაძე: შესაძლებელია უპრიანი იყოს ტრამვაის განვითარება, რადგან ეს მეტროს მსგავსი ტრანსპორტია. თუ დაიწყეს დიღმიდან დიდუბის მიმართულებით ტრამვაის გაკეთება. შეიძლება ის გაგრძელდეს კიდეც წერეთელზე და იყოს მომგებიანი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow