პუბლიკა: – 2013-ში გელა გელაძის მამა თინეიჯერის დაჭრის ბრალდებით დააკავეს და მალევე გამოუშვეს – საქმის დეტალები

ფოტოკოლაჟი – პუბლიკა “პუბლიკას” ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის მამა, დავით გელაძე 2013 წელს 18 წლის ბიჭის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა დაკავებიდან 3 დღეში ის სასამართლომ გაათავისუფლა და აღკვეთის სახით 15 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლო და პროკურატურა 12 წლის წინანდელი საქმის განაჩენს არ ამხელს. 2013 წლის 26 […] The post პუბლიკა: – 2013-ში გელა გელაძის მამა თინეიჯერის დაჭრის ბრალდებით დააკავეს და მალევე გამოუშვეს – საქმის დეტალები appeared first on .

ივნ. 20, 2025 - 20:57
 0
პუბლიკა: – 2013-ში გელა გელაძის მამა თინეიჯერის დაჭრის ბრალდებით დააკავეს და მალევე გამოუშვეს – საქმის დეტალები

ფოტოკოლაჟი – პუბლიკა

“პუბლიკას” ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის მამა, დავით გელაძე 2013 წელს 18 წლის ბიჭის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა დაკავებიდან 3 დღეში ის სასამართლომ გაათავისუფლა და აღკვეთის სახით 15 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლო და პროკურატურა 12 წლის წინანდელი საქმის განაჩენს არ ამხელს.

2013 წლის 26 მაისს, როდესაც დავით გელაძე კრიმინალური პოლიციის მეოთხე სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა, თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე 18 წლის გიგი სვანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას შემდეგ, რაც პოლიციის მაღალჩინოსნის მიერ ახალგაზრდის შესაძლო დაჭრის შესახებ მედიაში ცნობები გავრცელდა, შსს-მ ჯერ უარყო, რომ გელაძე მათი თანამშრომელი იყო, მოგვიანებით კი უწყებამ განაცხადა, რომ ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გამოძიება შსს-მ დაიწყო და როდესაც „გამოიკვეთა დანაშაულის ჩადენაში პოლიციის მოხელის სავარაუდო მონაწილეობა“, საქმე დაექვემდებარა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

მომხდარიდან 16 დღეში პროკურატურამ დავით გელაძე დააკავა და წარუდგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილით (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის), რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

საერთო სასამართლოების ვებგვერდი საქმის მასალებზე დაყრდნობით წერდა:

„2013 წლის 26 მაისს, დაახლოებით ღამის 22:30 წუთზე, გიგი ს. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, რა დროსაც მათ, ნელი სვლით, სამსახურის ავტომანქანით გვერდით ჩაუარა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით გელაძემ. ამ უკანასკნელმა უკმაყოფილება გამოთქვა გიგი ს.-სა და მისი მეგობრების მიმართ ავტომანქანის გაღებული კარის გამო, რომელიც ხელს უშლიდა გადაადგილებაში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ. გიგი ს. ფეხით დაედევნა გელაძის მანქანას და გაჩერება მოსთხოვა. დავით გელაძემ ავტომანქანა გააჩერა, გადმოვიდა და ცეცხლსასროლი იარაღით გიგი ს.-ს მიმართულებით ერთხელ გაისროლა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მარჯვენა მხრის არეში მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა. აღნიშნულის შემდეგ გელაძე, მისი მართვის ქვეშ მყოფი მანქანით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“.

პროკურატურა დავით გელაძის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ბრალდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გელაძეს გირაო შეუფარდა.

სატელევიზიო არქივის მიხედვით, დაჭრილის მამა მედიასთან კომენტარს არ აკეთებდა. ბებია, მანანა ბურჭულაძე კი ამბობდა, რომ „გელაძე ოჯახს აშანტაჟებდა“.


ამ საქმის შესახებ საჯარო წყაროებში არ იძებნება, რა განაჩენი გამოიტანა სასამართლომ. წინასასამართლო სხდომა 2013 წლის 31 ივლისს იყო დანიშნული.


რა ეტაპზეა დავით გელაძის საქმე? თუ განაჩენი უკვე დადგა, რა განაჩენი გამოიტანა მოსამართლემ? თუ განაჩენი არ დამდგარა, როდის და რამდენი სხდომა გაიმართა? როდის არის დაგეგმილი მომდევნო სხდომა? რომელი მოსამართლე განიხილავს მას? – ამ შეკითხვებით „პუბლიკამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, თუმცა, მედიის ცნობით, პერსონალური მონაცემების სახელით სასამართლომ პასუხების გაცემაზე უარი უთხრა.

შეკითხვებს, არც პროკურატურამ უპასუხა.

გიგი სვანის დაჭრის პერიოდში პროკურატურას საერთო ხელმძღვანელობას უწევდა იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი. ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე კი დავით გელაძის შვილი – გელა გელაძე იყო.

მომხდარს იმჟამინდელი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ასე გამოეხმაურა:

„იმ საზარელმა დანაშაულმა, რაც მომხდარია მოქალაქე სვანის, ახალგაზრდა კაცის წინააღმდეგ, რომლის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, შეძრა ქართული საზოგადოება. სამართალდამცველებს ეკუთვნით მადლობა, რომ ამ საქმეზე სავარაუდო დამნაშავე გამოავლინეს, და, რაც მთავარია, პროკურატურა ითხოვდა პატიმრობას, სასამართლომ კი შეუფარდა გირაო“, – განაცხადა წულუკიანმა 2013 წელს.

„პუბლიკას“ ცნობით, კითხვით მიმართეს მინისტრ, გელა გელაძესაც, თუმცა, მისმა უწყებამ შეკითხვებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის დაცვის სახელით არ უპასუხა და თანამდებობის პირის მამის გახმაურებული საქმის შესახებ დასმულ შეკითხვებზე „ლეგიტიმური მიზნის“ წარდგენა მოითხოვა.”

 

გიგი სვანის დაჭრიდან 2 წელიწადში დავით გელაძე შპს „სმარტ სექურითის“ დირექტორი გახდა. 2019 წელს კი – კომპანია „ჯეო ტაქსის“ მეწილე.  „სმარტ სექურითის“ მფლობელია ლევან სკამკოჩაიშვილი. სკამკოჩაიშვილი ცნობილი ბიზნესმენის, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრისა და 2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტარ ივანე ჩხარტიშვილთან დაახლოებული პირია. პუბლიკა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ დავით გელაძე, სავარაუდოდ, სწორედ ვანო ჩხარტიშვილის დაცვის თანამშრომელია.

წყარო – პუბლიკა

The post პუბლიკა: – 2013-ში გელა გელაძის მამა თინეიჯერის დაჭრის ბრალდებით დააკავეს და მალევე გამოუშვეს – საქმის დეტალები appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow