რა უპირატესობები აქვს საარბიტრაჟო განხილვას და რა გამოწვევები? – დავით ტაბატაძის განმარტება
საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ტაბატაძე გადაცემა „საქმიან დილაში“ განმარტავს, რა უპირატესობები აქვს საარბიტრაჟო განხილვას და რა გამოწვევებია. მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოსგან განსხვავებით, არბიტრაჟის ძირითად უპირატესობად საქმის ნაკლებ ვადებში განხილვა და სასურველ ენაზე კომუნიკაციის წარმოებაა. “არბიტრაჟის ძირითად უპირატესობად ვადა განიხილება ხოლმე – რამდენად ჩქარა ხდება განხილვა. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ერთი თვის ნაცვლად რამდენიმე […]


საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ტაბატაძე გადაცემა „საქმიან დილაში“ განმარტავს, რა უპირატესობები აქვს საარბიტრაჟო განხილვას და რა გამოწვევებია.
მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოსგან განსხვავებით, არბიტრაჟის ძირითად უპირატესობად საქმის ნაკლებ ვადებში განხილვა და სასურველ ენაზე კომუნიკაციის წარმოებაა.
“არბიტრაჟის ძირითად უპირატესობად ვადა განიხილება ხოლმე – რამდენად ჩქარა ხდება განხილვა. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ერთი თვის ნაცვლად რამდენიმე თვე შეიძლება მოანდომოს ცნობა აღსრულების დასრულებას ამ შემთხვევაშიც უფრო სწრაფია არბიტრაჟი, ვიდრე სამ ინსტანციაში მიმდინარე სასამართლო დავა. თუმცა სხვა ბევრი უპირატესობაა რისთვისაც ბიზნესები არბიტრაჟს ირჩევენ, თუნდაც იმიტომ, რომ საარბიტრაჟო ინსტიტუტს თავად მხარე ირჩევს , თვითონ არბიტრაჟის ტრიბუნალს და არბიტრების შემადგენლობას თავად მხარეები ნიშნავენ.პროცედურას მთლიანად მხარეები აკონტროლებენ, წინასწარ ხდება არბიტრებთან ერთად ვადების და პროცესის გაწერა, ანუ როდის მოხდება მტკიცებულებების მოპოვება, როდის დაინიშნება სხდომები და ა.შ. იგივე კომფორტი სასამართლოში არ გვაქვს, რადგან გადატვირთულია და სასამართლოს თავისი გრაფიკი აქვს.
გარდა ამისა, ენაც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ბიზნესისთვის კომუნიკაციის დიდი ნაწილი, როგორც წესი ინგლისურ ენაზე სრულდება და სასამართლოში ყველაფრის თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება გიწევს, რომელიც ქართულად ნათარგმნის სახით უნდა შეიტანო. არბიტრაჟს კი იმის თავისუფლებაც აქვს, რომ თუნდაც ენა აირჩიო. ეს ძირითადი უპირატესობებია, რაც საკმაოდ კომფორტულს და მოქნილს ხდის არბიტრაჟს“, – განაცხადა მან.
დავით ტაბატაძემ ასევე ისაუბრა გამოწვევებზე და თქვა, რომ სასამართლო გადატვირთულია დავებით და არბიტრაჟი სასამართლოს განტვირთვის კარგი მექანიზმია, თუმცა საქართველოში არბიტრაჟისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ სასამართლოს მიერ დაყოვნებული საქმეებია. ამ ნაწილში იგი გამოსავალს სასამართლოს მხრიდან მეტი რესურსების მობილიზებაში ხედავს.
“კარგი იქნება სასამართლოს მხრიდან, რომ მეტი მოსამართლე ჩართოს კონკრეტულად ამ საკითხების გადასაწყვეტად. თუ მეტი მოსამართლე იქნება ჩართული, ეს სასამართლოს საშუალებას მისცემს სხვა საკითხებსაც მეტი დრო დაუთმოს, იმიტომ რომ ჯამში არბიტრაჟში მეტი დავა წავა, თუ ეს საკითხები სწრაფად დასრულდება”, – განაცხადა დავით ტაბატაძემ.
What's Your Reaction?






