რეგიონული ლიგა | საჩემპიონო პლეი ოფის ყველა მონაწილე ცნობილია
რეგიონული ლიგა | საჩემპიონო პლეი ოფის ყველა მონაწილე ცნობილია

დასავლეთის ბოლოსწინა, მე-9 ტურში ‘ჯანმა’ ჩოხატაურში ვანის ‘აიეტს’ უმასპინძლა. პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში განვლო. გურულთა ბურჯ ლაშა ქობულაძის გარდაუსახავ ლელოს, ვანელთა მგეზავმა გიორგი აბრამიძემ საპასუხო ლელო შეაგება. აბრამიძემ თავად ზუსტად გარდასახა და ტაიმი ‘აიეტს’ 2-ქულიანი სხვაობით მოაგებინა.
მეორე ნახევარში ‘ჯანმა’ ტემპს უმატა და მეტოქეზე ზეწოლაც გააძლიერა. გატანილი ლელოთი თავი ჯერ მასპინძელთა ფიჯელმა ლეგიონერებმა მარბიელმა პენი მაკამ და ფრთა ამინიასი მატოგამ გამოიჩინეს. შეხვედრის მიწურულს კი მარქაფადან ჩართული ბურჯის გიორგი პაიჭაძის დადებულმა ლელომ ‘ჯანს’ მატჩი პრემიალური ქულით მოაგებინა - 24:7. სეზონში მე-7 გამარჯვებამ ‘ჯანს’ საჩემპიონო პლეი ოფის საგზური დასკვნით ტურამდე გაუნაღდა.
იმერის გამარჯვებულის რანგში მყოფ ‘ფენიქსს’ სამტრედიაში ბათუმის ‘ტორნადო’ არ გამოუცხადდა. დებულების თანახმად იმერლებს ტექნიკური ანგარიშით - 30:0 და პრემიალური ქულით მოგება გაუფორმდა. ‘ფენიქსმა’ მიმდინარე სეზონში ყველა, 9-ვე შეხვედრა მოიგო და ბონუს-ქულის აღება მხოლოდ 1 მატჩში ვერ მოახერხა.
აღმოსავლეთის ჯგუფის 2-მატჩა შიდა პლეი ოფმა კი საჩემპიონო პლეი ოფის მონაწილეები გამოავლინა.
‘პატარძეულისა’ და მარნეულის ‘არმაზის’ პირველი შეხვედრა „რაგბი პლატოზე“ გაიმართა. მატჩის ნომინალურ მასპინძელ გარე კახელთა სერიოზული საკადრო პრობლემები მატჩის პირველივე წუთიდან თვალსაჩინო გახდა. 2019 წლის ბრინჯაოს მედალოსანი ‘არმაზი’ განუზომელ უპირატესობას ფლობდა, რაც დათო კიკნაძის შეგირდებმა 18 გატანილ ლელოსა და სამნიშნა ციფრით გამარჯვებაში ასახეს.
ქვემო ქართლელთა ფრთა ნიკა გოგუამ „პოკერი“ გაიფორმა, ხოლო ფიჯელმა შუამარბმა საკარაი კილაიმ კი „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა. გარე კახელთაგან პრესტიჟის ეული ლელოს გატანა მეორე ტაიმში ჰავბეკმა დათო სუხაშვილმა მოახერხა. ‘არმაზმა’ მატჩი 121:8 მოიგო და საპასუხო შეხვედრა ფორმალობად აქცია. ‘პატარძეულმა’ მეორე შეხვედრაში მონაწილეობა იუარა და ამერიდან საჩემპიონო პლეი ოფის საგზურის პირველი მფლობელი ‘არმაზი’ შეიქნა.
‘ქვემო ქართლისა’ და თელავის ‘ჭადარის’ პირველ შეხვედრა ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე გაიმართა. მატჩი უაღრესად დაძაბული და უხვქულიანი გამოდგა. მეტოქეებმა 4-4 ლელოს გატანა მოახერხეს. ‘ქვემო ქართლმა’ პირველი ნახევარი მინიმალური სხვაობით მოიგო და მატჩის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე ანგარიშში სხვაობა 12 ქულამდე გაზარდა. აღნიშნულ მონაკვეთში უპირატესობას ‘ჭადარი’ დაეუფლა და მარბიელ კოტე ნახუცრიშვილის მიჯრით გატანილი წყვილი ლელოს მეშვეობით კახელები 2 ქულით დაწინაურდნენ.
‘ჭადარის’ მგეზავმა ლაშა შოშიაშვილმა ცენტრიდან გატანილი ჯარიმით თელაველთა უპირატესობა 5 ქულამდე გაზარდა. მატჩის ბოლო წუთებმა კი გარდაბნელთა იერიშებში ჩაირა და მასპინძელთა მხტომელმა თორნიკე ჯიქურაშვილმა ალამთან დადებული ლელოთი ანგარიში გაათანაბრა. ‘ქვემო ქართლის’ მგეზავ უშანგი მჭედლიშვილს მახვილი კუთხიდან გარდასახვა გაუცუდდა და მეტოქეთა პირველი დაპირისპირება ფრედ დასრულდა - 35:35.
„კავკასიონი არენაზე“, საპასუხო შეხვედრაც არანაკლებ დაძაბული და დრამატული გამოდგა. პირველ ნახევარში უკეთ სტუმრები გამოიყურებოდნენ. ზურა ხორბალაძის ბიჭებმა კახელებს 2-ით მეტი, 4 ლელო დაუდეს და შესვენებაზე 10 ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. მეორე ტაიმში თელაველთა დამრიგებელმა თენგიზ ცისკარიშვილმა რიგი ტაქტიკული გადაადგილებების ხარჯზე საკუთარი გუნდის თამაშის ორგანიზაციული მხარე აამაღლა, რამაც ‘ჭადარისთვის’ სასურველი შედეგი გამოიღო.
კახელები დაცვაში საიმედოდ ირჯებოდნენ, მეტოქეზე ზეწოლას მეთოდურად ზრდიდნენ და სტუმრებს მეორე ნახევარში სამატჩო ქულათა მონაგარი უცვლელი დაუტოვეს. თავის მხრივ კი მასპინძლებმა ანგარიში ჯერ მარქაფადან ჩართული ბურჯის ნოდარ გულიაშვილის გარდაუსახავი ლელოთი შეამცირეს. მატჩის მიწურულს კი მეტოქის 5-მეტრიანში ‘ჭადარის’ რამდენიმე მიძალება ფიჯელი შუამარბის ნაიმბუკა ლანდინავასას ძელებს შუა დადებული ლელოთი დასრულდა. მგეზავ ლაშა შოშიაშვილს გარდასახვა არ გაჭირვებია, რამაც ‘ჭადარს’ მატჩი 26:24 მოაგებინა და 2 მატჩის ჯამში (61:59) მიღწეული წარმატებით აღმოსავლეთის პლეი ოფში თამაშის უფლება მოუპოვა.
rugby.ge
What's Your Reaction?






