რომელმა კომპანიებმა “აღიარეს” ქათმის “შეღებვა” – გამოიგონეს, თუ არა, ქართველმა ფერმერებმა ქათმის ახალი ჯიში?

ფოტოკოლაჟი – რადიო თავისუფლება რამდენიმე დღის წინ, რადიო თავისუფლებამ ვრცელი მასალა გამოაქვეყნა სათაურით: “ყვითლად შეღებილი ქათამი – რას ჭამთ, როდესაც გგონიათ, რომ სოფლის დედალს მიირთმევთ”, სადაც საუბარია იმაზე, რომ მართალია ქათმის ყვითელი შეფერილობა სოფლის ქათამთან ასოცირდება, თუმცა უმეტესობამ არ იცის, რომ საქართველოში დღეს ქათმის ხორცის დიდი ნაწილი ხელოვნურად, საღებავებითაა გაყვითლებული. მედიის ცნობით, ქათმის საკვებში ურევენ […] The post რომელმა კომპანიებმა “აღიარეს” ქათმის “შეღებვა” – გამოიგონეს, თუ არა, ქართველმა ფერმერებმა ქათმის ახალი ჯიში? appeared first on .

აგვ. 16, 2025 - 00:57
 0
რომელმა კომპანიებმა “აღიარეს” ქათმის “შეღებვა” – გამოიგონეს, თუ არა, ქართველმა ფერმერებმა ქათმის ახალი ჯიში?

ფოტოკოლაჟი – რადიო თავისუფლება

რამდენიმე დღის წინ, რადიო თავისუფლებამ ვრცელი მასალა გამოაქვეყნა სათაურით: “ყვითლად შეღებილი ქათამი – რას ჭამთ, როდესაც გგონიათ, რომ სოფლის დედალს მიირთმევთ”, სადაც საუბარია იმაზე, რომ მართალია ქათმის ყვითელი შეფერილობა სოფლის ქათამთან ასოცირდება, თუმცა უმეტესობამ არ იცის, რომ საქართველოში დღეს ქათმის ხორცის დიდი ნაწილი ხელოვნურად, საღებავებითაა გაყვითლებული.

მედიის ცნობით, ქათმის საკვებში ურევენ ყვითელ, ხშირად სინთეზურ პიგმენტს, რომელიც ფრინველის კანს შესამჩნევად აყვითლებს და ეს “სოფლის დედლის” ფერი რომ ძირითადად საღებავის დამსახურებაა, მყიდველს არავინ ეუბნება. რაც მთავარია, ქიმიურ პიგმენტს, რომელსაც ქათმის საკვებში ამატებენ, ნუტრიციული ღირებულება არ აქვს – ქათმის კანს და ხორცს მხოლოდ საბაზრო მიმზიდველობას სძენს, და არასწორი დოზირების შემთხვევაში, შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოც იყოს – გამოიწვიოს თვალის ბადურის ჩამოშლა, ღვიძლის დაზიანება.

როგორი ფერის უნდა იყოს ჯანმრთელი ქათმის ხორცი?

საქართველოში უმეტესად ბროილერის ქათმებს აშენებენ. ფერმის ქათმები სწრაფად იზრდებიან – დაბადებიდან 35-40 დღეში 2-2,5 კილოგრამს აღწევენ. ჯანმრთელი ბროილერის ქათმის ხორცი მოვარდისფრო უნდა იყოს, რადგან – მას რამდენიმე კვირაში კლავენ, სწორედ ამიტომ ფრინველს აქვს ცოტა ბუნებრივი ცხიმი და თითქმის შეუმჩნეველი, მსუბუქი სიყვითლე.

შესაბამისად, ბროილერის ქათმები, რომლებსაც ყვითელი შეფერილობა აქვთ, გამოდის გამოყენებული პიგმენტის “დამსახურებითაა ყვითელი ფერის. როგორც უკვე იცით, ბროილერის ჯიშის ქათამი დასაკლავ წონას 35-40 დღეში აღწევს, ამიტომ ბუნებრივი კაროტინი სიმინდის მარცვლებიდან ხორცის გაცხიმოვნებასა და მკვეთრი სიყვითლის მიცემას ვერ ასწრებს. ქიმიური წარმოების კაროტინოიდით კი ამის მიღწევა 10 დღეშია შესაძლებელი.

აღმოჩნდა, რომ იგივე ხდება კვერცხის შემთხვევაშიც – ფერმის ქათმის კვერცხის გული და ნაჭუჭიც სოფლის ქათმის კვერცხს რომ დაემსგავსოს, საკვებში გასაყვითლებლებს ზოგჯერ აქაც იყენებენ.

რაც შეეხება სოფლის ქათამი მართლაც არის რეალურად მოყვითალო ასაკისა და საკვების გამო. სოფლის ქათამს, როგორც წესი, დაკვლამდე 6 თვიდან 1 წლამდე ზრდიან. ამ დროში საკვებში სიმინდი ქათმის ხორცს აცხიმოვნებს და ფერს აძლევს – სიმინდი შეიცავს ბუნებრივ გასაყვითლებელ პიგმენტს, ლუტეინს, რომელიც კაროტინოიდების (carotenoids) – ბუნებრივი პიგმენტების – ჯგუფს მიეკუთვნება.

გამოდის, ბაზარზე რომელი ბროილერის ქათმებიც იყიდება ფერმიდან, ან საღებავების დამსახურებითაა ყვითელი ფერი მიღებული, ან ისინიც, 40 დღის ნაცვლად, 1 წელი ზრდიან ქათამს და მერე კლავენ. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, “რადიო თავისუფლებასთან”, რომელმა მწარმოებელმა ან კომპანიამ თქვა, რომ მისი ქათმები კი ყვითელი შეფერილობისაა, მაგრააამ…

 

მანამდე კი ვნახოთ, რით ღებავენ ქათამს, რამდენად საფრთხის შემცველია და რას ამბობენ კომპანიები, რომლებიც საკვებ დანამატებს, “საღებავებს” ყიდიან:

ქათმის ხორცის და კვერცხის ხელოვნურად და სწრაფად გასაყვითლებლად ორგვარ საღებავს იყენებენ – ბუნებრივ პიგმენტებს და სინთეზურს. ხარისხიანი, ბუნებრივი გასაყვითლებელი საერთაშორისო ბაზარზე გაცილებით ძვირია, ზოგიერთ შემთხვევაში დაახლოებით 10-ჯერ, ვიდრე სინთეზური. გარდა ამისა, ის ბუნებრივი პიგმენტები, რომლებიც საქართველოში იყიდება, ფერმერების თქმით, ნაკლებეფექტურია და საჭმელშიც დიდი დოზის გარევაა საჭირო.

სინთეზურ, ქიმიურ კაროტინს არანაირი სარგებელი არ მოაქვს არც ქათმისთვის და არც ადამიანისთვის. ზედოზირება კი შეიძლება ჯანმრთელობისთვის სახიფათო იყოს.

ქათმის საკვების ქართველი მწარმოებლების ნაწილი ქიმიურ გასაყვითლებლებსაც იყენებს. საუბარია კანტაქსანტინსა (Canthaxanthin) და აპო-ესტერზე (apo‑ester). ეს აბები ადამიანების მხედველობას და ღვიძლს მკვეთრად აზიანებს. კანტაქსანტინის შემცველი აბების გამოყენება პირველად აშშ-ში, შემდეგ კი ევროპაში აიკრძალა.

მას შემდეგ კანტაქსანტინის გამოყენება ევროკავშირში ცხოველის და ფრინველის საკვებშია დაშვებული, ოღონდ მკაცრად განსაზღვრული, უსაფრთხო დოზით.

რეგულაციები დაეფუძნა ევროპის სურსათის უსაფრთხოების სააგენტოს EFSA-ს (European Food Safety Authority) დასკვნას – ამ დოკუმენტში აღწერილი იყო მეცნიერთა ჯგუფის კვლევა საკვებში გამოყენებული ქიმიური გასაყვითლებლებლის (კანტაქსანტინის) ასახვაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ევროპის საბჭოს კომისიის დირექტივით, ერთ ტონა საკვებში, რომელიც განკუთვნილია კვერცხის მდებელი ქათმებისთვის, 8 გრამზე მეტი დასახელებული ქიმიური პიგმენტის შერევა აკრძალულია, დასაკლავი ქათმის საკვებში კი ტონაზე 25 გრამია დაშვებული.

ევროპის სურსათის უსაფრთხოების სააგენტო ქიმიურ გასაყვითლებელთან მუშაობისას ითხოვს ხელთათმანის, რესპირატორისა და სათვალის ხმარებას.

ევროპული სამეცნიერო კვლევებით დადასტურდა, რომ დოზების გადამეტება სახიფათოა – ძლიერ შეღებილი ხორცისა და კვერცხის ხანგრძლივი ჭამა აქვეითებს მხედველობას, შეიძლება გამოიწვიოს თვალის ბადურის ჩამოშლა, მწყობრიდან გამოჰყავს მეტაბოლიზმი, შეიძლება დააზიანოს ღვიძლიც.

საქართველოში საკვები საღებავების გამოყენების სტანდარტი დადგენილი არ არის. შესაბამისად არც სინთეზური საღებავების დოზირება არ კონტროლდება.

ზოოტექნიკოსი ავთანდილ ჩაგელაშვილი, 75 წლის მეცნიერების დოქტორი:

“სიმინდი ასე ვერ გააყვითლებს, ეს მთლიანად სინთეზური გასაყვითლებლით არის გაყვითლებული, კანის ფერი აქვს შეცვლილი…”

განსხვავება შეღებილ და შეუღებავ ქათმის ხორცს შორის

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი:

“კაროტინების ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება დააზიანოს ღვიძლის უჯრედები და შესაბამისად გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციების მომატება. ამას ჰქვია ტოქსიური ჰეპატიტი. ბუნებრივიც კი გადაჭარბებული დოზით იწვევს პრობლემებს და ლოგიკურია ყოველთვის სინთეზური, ქიმიური კიდევ უფრო დამაზიანებელია”.

ბიზნესოპერატორები ვალდებულნი არიან, მიუთითონ ქათმის პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის დანამატის, გასაყვითლებლის გამოყენების შესახებაც. ქართულ ბაზარზე ქათმის და კვერცხის მწარმოებლების პროდუქციის იმ ეტიკეტებზე, რომლებიც რადიო თავისუფლებამ შეისწავლა, არსად წერია, გამოიყენეს თუ არა ქათმის კვებისას საღებავები.

რადიო თავისუფლებასთან კომბინირებული საკვების მწარმოებელი ამბობს:

„ფერმერი გეუბნება: თუ შენი საკვები ქათამს არ გამიყვითლებს, არ ვიყიდი. გვთხოვენ გარანტიას, რომ საკვებმა ქათამი გააყვითლოს. მე დავანებე თავი ამიტომ ქათმის საკვების წარმოებას და მხოლოდ საქონლის და ღორის საკვებს ვამზადებ. არ მინდოდა ქიმიური ფხვნილი მეზომა, მეწონა და შემერია საკვებში… როგორ ყვითელ ქათამსაც ისინი (ფერმერები) ითხოვენ, დარწმუნებული ვარ ნორმალური დოზებით ამას ვერ მიაღწევ და ამიტომ უარი ვთქვი”

საკვების მეორე მწარმოებლის თქმით, ევროპელმა მწარმოებლებმა უთხრეს, რომ ევროკავშირში დასაშვები ნორმით ასეთ ყვითელ ქათამს ვერ მიიღებდა.

“არის კიდევ ერთი, დამატებითი “სარგებელი”, ამბობენ ისინი. თუ ქათამი ბუნებრივ გასაყვითლებელზეა და მას შეხვდა რაიმე დაავადება, მაგალითად, კოლიბაქტერიოზი, ლარინგი ან სხვა, შესაძლოა ერთ დღეში გახდეს არაბუნებრივად თეთრი, მელნისფერი ან სხვა არაჯანსაღი შეფერილობა მიიღოს. დაავადებული ქათმის ფერს არაფერი მოსდის, თუ ის ქიმიურ გასაყვითლებელზეა, მისი კანი ფერს არ კარგავს და ავადმყოფობის მიუხედავად, გამოიყურება, როგორც “ჯანმრთელი ყვითელი. სინთეზურზე არაფერი არ მოქმედებს, მოკვდება ქათამი და ყვითელი რჩება სანთელივით”.

გასაყვითლებლები საქართველოს საბაჟოზე შემოაქვთ საერთაშორისო სასაქონლო კოდით “320419 – ორგანული და სინთეზური საღებავები”.

ოფიციალური, ბოლო 5 წლის სტატისტიკა მზარდია – 2020 წელს ამ კოდით 45 ტონა ნივთიერება შემოვიდა, 2024 წელს თითქმის სამჯერ მეტი – 124 ტონა. გაურკვეველია ამ 124 ტონიდან რა წილი იყო ბუნებრივი და რა წილი – ქიმიური.

იმპორტიორების ათეულშია სამი კომპანია, რომლებიც ფრინველის საკვებს ამზადებენ ან ჰყიდიან: “ნუტრიმაქსი”, “ინვეტ ფიდი” და “ინტრაკო ნუტრიშენი.” სამივე კომპანიაში ადასტურებენ, რომ ყვითელი ქათამი ბაზრის მოთხოვნაა და ფერმერებიც ამიტომ აყვითლებენ ხელოვნურად.

“ნუტრიმაქსი” ფრინველის კომბინირებული საკვების წარმოების ლიდერია საქართველოში, საჯაროდ ხელმისაწვდომი ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, 2023 წელს 50 ათასი ტონა მზა საკვები აწარმოვა. რადიო თავისუფლებასთან დაადასტურა, რომ  იყენებს როგორც ბუნებრივს, ასევე სინთეზურ გასაყვითლებელს. რადიო თავისუფლების შეკითხვები და “ნუტრიმაქსის” პასუხები სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.

“ინვეტ ფიდი” ბროილერის საკვების მეორე მსხვილი მწარმოებელი კომპანიაა. უახლესი ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს დაახლოებით 39 მლნ ლარის პროდუქცია გაყიდა. მედიასთან ისიც ადასტურებს, რომ რომ კომპანია სინთეზურ გასაყვითლებელსაც იყენებს.

რადიო თავისუფლების შეკითხვები და კომპანია “ინვეტის” პასუხები სრულად შეგიძლიათ აქ ნახოთ.

კიდევ ერთი კომპანია “ინტრაკო ნუტრიშენი” უშუალოდ საკვებ დანამატებს ყიდის, იგი სინთეზური გასაყვითლებლების მსხვილი მოვაჭრეა საქართველოში.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი კომპანიის წარმომადგენელს პოტენციურ კლიენტად გაეცნო და ქათმის და კვერცხის გასაყვითლებლების შესახებ კონსულტაცია სთხოვა. “ინტრაკოს” წარმომადგენელმაც დეტალურად გაგვიზიარა გამოცდილება ბუნებრივ და სინთეზურ გასაყვითლებლებთან ქათმისა და კვერცხის წარმოებაში.

“სიმინდით კი ყვითლდება, მაგრამ ისე არ ყვითლდება, ვერ გვაძლევს იმას, რაც ჩვენს ბაზარზე მოთხოვნაა. ფაქტია, რომ დღევანდელი ბაზარი მაგას ითხოვს… მე მაღალი ხარისხის სინთეზური გამაყვითლებელი მაქვს, ტონაზე 50-დან 150 გრამამდე მიდის, ეს უკვე დამოკიდებულია, რა შედეგი გინდათ მიიღოთ. ასევე გამაყვითლებელთან ერთად მაქვს წითელი ფერის კაროფილი. წითელი ფერი მოვარდისფრო ფერს აძლევს ხორცს, აი, ბიბილო რომ ჰქონდეს კარგად, კომბინირებული გამოყენება ამ ორი საშუალების ჩვენი ბაზრისთვის უფრო მიმზიდველია… …ბუნებრივს ხმარობდა ერთ-ერთი, ვინც ეხლა გადმოვიდა ჩემთან. ბუნებრივი ვერ იძლეოდა იმ ეფექტს, რაც ჭირდებოდა.

კვერცხში უფრო ხშირად ხმარობენ წითლის და ყვითლის კომბინაციას, როცა უნდათ, რომ ნაჭუჭის შეფერილობა შეიცვალოს, როცა უნდათ, რომ ცოტა კვერცხის გულის შეფერილობა შეიცვალოს. თუ ვიღაცას უნდა სოფლის ჭრელი ქათმის ფერზე დასვას კვერცხის გული და ნაჭუჭი, მაგას უფრო სხვა პროპორცია ჭირდება.”

“ინტრაკო ნუტრიშენთან” დაკავშირებულია კომპანია “როსტერი”, იგი ცხოველთა საკვების ბაზარზე კიდევ ერთი მწარმოებელია. მას და “ინტრაკო ნუტრიშენს” საერთო დამფუძნებელი ჰყავთ.

“მაქვს ცალკე გამაყვითლებელი, მაქვს გამაყვითლებლით პრემიქსი, რომელშიც გამაყვითლებელი დევს და ქართულ ბაზარზე რა ყვითელიც ჭირდება დღეს, სტაფილოსფერი, ისეთ ფერს აძლევს, 25-კილოგრამიანი ღირს 84 ლარი. ერევა ნახევარ ტონა ქათმის საკვებში. მაქვს ცალკე გამაყვითლებელი. წარმოიდგინე ჩვენთან მეკვერცხულები ხმარობენ 100 კილოში 14 გრამს, რომელიც კვერცხის გულს იძლევა სუფთა ყვითელს. ბუნებრივები [გამაყვითლებლები] არიან ჩინურები, რომელზეც შეიძლება 3 კილო ჩაყარო და მაინც ვერ მიიღო, 5 კგ ჩაყარო და ვერ მიიღო.
– თქვენი სინთეზურია?

-კი, კი ბატონო. 320 ლარი ღირს დაახლოებით 700-გრამიანი. თუ შენს საკვებში გინდა შეურიო, 140-150 გრამი საღებავი ჭირდება ტონა ქათმის საკვებს.”

“როსტერის” წარმომადგენლის ინფორმაცია, რომ კვერცხის მწარმოებლები 100 კილოგრამ საკვებში 14 გრამ სინთეზურ გასაყვითლებელს (კანტაქსანტინის 10%-იან ნარევს) ურევენ, სავარაუდოდ, დოზის გადაჭარბებაა. რადგანაც ევროპული სტანდარტით, ამის ნახევარი დოზაა დაშვებული კვერცხის წარმოებაში.

შეჯამებისთვის რომ ვთქვათ, ბროილერის ქათამი ვერ უნდა იყოს ყვითელი შეფერილობის, გამომდინარე იქედან, რომ 35–40 დღე კლავენ გასაყიდად. გამოდის, შეღებილია, თუ ყვითელი შეფერილობისაა. ყველა ამტკიცებს, რომ არაა სინთეზური გამაყვითლებლით შეღებილი, მაგრამ მაშინ, ვინ ყიდულობს ამდენ ქიმიურად დამუშავებულ და სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საზიანო საკვებს ფრინველისთვის? და როგორ მოხდა, რომ მართალია საკვების შემომტან კომპანიებს შეფუვაზე არ აქვთ დაწერილი რომ სინთეზურ გამაყვითლებელს იყენებენ, მაგრამ შემდგომ მედიას უდასტურებენ, რომ დიახ, იყენებენ?

ვნახოთ პასუხები, რას ამბობენ, ბაზრის მსხვილი მოთამაშეები და რომელი ამტკიცებს, რომ გასაყვითლებელს საერთოდ არ იყენებს და ყვითელ ფერს 35–40 დღეში ბუნებრივი საკვებით იღებს, მაშინ როცა მეცნიერები, ფერმერები ამტკიცებენ, რომ 35–40 დღეში ბროილერის ქათამი მხოლოდ სიმინდით ყვითელ ფერს ვერ მიიღებს. მაგალითად, რამე ახალი ჯიში ხომ არ გამოიგონა ნოსტემ ქათმის, რაკი ამტკიცებს, რომ მხოლოდ ყვითელი სიმინდის წყალობითაა მისი ქათამი ყვითელი ფერის?

ბაზრის მსხვილი მოთამაშეები ქათმის ხორცის წარმოებაში არიან “ბიუ ბიუ”, “ნოსტე”, “კოდა”, “ვარია”, “კარალეთის ქათამი”.

კვერცხის წარმოებაში – “კოდა”, “კუმისი”, “დილა”, “სავანეთი”.

რადიო თავისუფლებამ ამ კომპანიებს წერილობით ჰკითხა, იყენებენ თუ არა გასაყვითლებლებს, რა სახის და რა დოზით?

ბიუ–ბიუ:

“კომპანია არ იყენებს არანაირი სახის კაროტინოიდებს”

ვარია:

“ჩვენი კომპანია არ იყენებს დამატებით გამაყვითლებელს”

კარალეთის ქათამი:

“არაფერს არ ვიყენებთ განსხვავებულს და დანამატს გარდა ოფიციალური საკვებისა, რასაც ყველა საქართველოს მეფრინველე მოიხმარს”, დამაზუსტებელი შეკითხვის შემდეგ თქვეს, რომ “ნუტრიმაქსის” მზა საკვებს იყენებენ.

კოდა:

“კაროტინოიდებს არ ვიყენებთ, არც ბუნებრივს არც სინთეზურს”

ნოსტე:

“ნოსტეს წარმოება არ იყენებს კაროტინოიდებს. ჩვენი წარმოების ქათამი იზრდება ყვითელ სიმინდზე, რაც განაპირობებს ხორცპროდუქტების ბუნებრივ სიყვითლეს”

სავანეთი (კვერცხის მწარმოებელი):

“კაროტინოიდებს ჩვენი კომპანია არ იყენებს”

“რადიო თავისუფლებამ” წერილობით შეკითხვები გაუგზავნა მსხვილ მაღაზიებსაც, სადაც ნედლი ქათამი იყიდება – “კარფურს”, “აგროჰაბს”, “გუდვილს”, “ნიკორას”, “წერტს”. ვკითხეთ, მათ ქსელში გასაყიდად გამოტანილი ქათმის ხორცის და კვერცხის ფერი მიღწეულია თუ არა გასაყვითლებლების გამოყენებით და თუ კი, რა სახის გასაყვითლებლებს იყენებდნენ და რა დოზებით მათი მიმწოდებლები.

პასუხი მხოლოდ “აგროჰაბმა” დაუბრუნა მედიას. კომპანია წერს, რომ მის ქსელში წარმოდგენილი ფრინველის ხორცი გამოირჩევა მოყვითალო შეფერილობით, თუმცა, ისიც ამტკიცებს, რომ ეს ყვითელი შეფერილობა ფერმერებს არ მიუღიათ საღებავების გამოყენებით. უცნობია, მასალის გამოქვეყნების შემდგომ თუ დაუკავშირდა აგროჰაბი მწარმოებლებს და ჰკითხა მათ, როგორ მოახერხეს შესაღები დანამატების გარეშე მოყვითალო ფერის მიღება, იქნებ, ეს საიდუმლო დაგვეპატენტებია და მიგვეყიდა ევროკავშირის ქვეყნებისთვის იდეა?

„გაცნობებთ, რომ ჩვენს ქსელში წარმოდგენილი ფრინველის ხორცი და კვერცხი გამოირჩევა
მოყვითალო შეფერილობით, რაც მიღწეულია ბუნებრივი საკვები ინგრედიენტების მეშვეობით. კერძოდ, ფრინველის საკვებში გამოიყენება სიმინდი, ხორბალი, მცენარეული ზეთები, ცილოვანი წყაროები და ვიტამინ-მინერალური დანამატები… კომპანია არ იყენებს სინთეზურ კაროტინოიდებს ან სპეციალურად დამატებულ გამაყვითლებელ პიგმენტებს ფრინველის საკვებში. შესაბამისად, არც ერთი პროდუქტი არ შეიცავს კაროტინოიდების კონცენტრირებულ წყაროებს დანამატის ფორმით — იქნება ეს ბუნებრივი თუ სინთეზური წარმოშობის”  – წერს “აგროჰაბი” მედიას.

რადიო თავისუფლების კითხვები სრულად და “აგროჰაბის” პასუხი შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ.

ამ დროისთვის არცერთი სახელმწიფო უწყება არ იკვლევს ქათმის პროდუქტში გასაყვითლებლების შემცველობას, არც კერძო კომპანიების დიდი ნაწილი იცავს გამოყენებული დანამატების გამჭვირვალობის სტანდარტს სრულად.

სახელმწიფო კონტროლის შემოღებამდე, მომხმარებელს ერთადერთი რამ შეუძლია – არ მოტყუვდეს და მოერიდოს მკვეთრად ყვითელი ფერის ქათმის ხორცის და კვერცხის შეძენას.

მედიის ცნობით, საუკეთესო გზა ამის დასადგენად მოხარშვაა, რადგან მოხარშვის შემდეგ, საღებავი წყალში იხსნება:

შეღებილი ქათმის ხორცი მოხარშვამდე და მოხარშვის შემდეგ

სრულად რადიო თავისუფლების მასალა – ლინკზე

 

The post რომელმა კომპანიებმა “აღიარეს” ქათმის “შეღებვა” – გამოიგონეს, თუ არა, ქართველმა ფერმერებმა ქათმის ახალი ჯიში? appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow