"რუსთავმა" "გრიფინი" მეორედაც დაამარცხა და სუპერლიგამდე 1 მოგება აშორებს

რუსთავმა გრიფინი მეორედაც დაამარცხა და სუპერლიგამდე 1 მოგება აშორებს

აპრ. 9, 2025 - 04:57
 0
"რუსთავმა" "გრიფინი" მეორედაც დაამარცხა და სუპერლიგამდე 1 მოგება აშორებს
“ა” ლიგის ფინალურ სერიაში გოგა ცეკვავას გაწვრთნილი “რუსთავი” 2:0 დაწინაურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვემოქართლურ გუნდს სუპერლიგაში დასაბრუნებლად 1 მოგება აშორებს. შეგახსენებთ, რომ “ა” ლიგის ფინალური სერია 3 გამარჯვებამდე გრძელდება და სუპერლიგის საგზურს რუსთავულ გუნდს კასპის “გრიფინი” ეცილება.

კასპში გუნდი შემოდგომაზე შეიქმნა და გამართული სატრანსფერო გადაწყვეტილებების შემდეგ გუნდმა წარმატებული სეზონი ჩაატარა. კასპელებმა “ა” ლიგის საგზური მოიპოვეს და ფინალურ სერიაშიც გავიდნენ, რომლის პირველი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში წააგეს. აი, მეორე მატჩი კი სრულიად განსხვავებული გამოდგა. რუსთაველებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს – გიორგი სიმონიშვილის გაწვრთნილი გრიფინი თავიდანვე ჩამორჩა, რის შემდეგაც ვერ დალაგდა, მოთამაშეებს ნერვებმა უმტყუნეს და ბლომად ტექნიკური ჯარიმების გამო მოედანი 2-მა წამყვანმა მოთამაშემ – აკაკი ლომოურმა და გიორგი რუხაძემ დატოვეს.

ეს მესამე პერიოდში მოხდა, როცა რუსთაველთა უპირატესობა 20 ქულამდე იყო მისული. შესანიშნავად ითამაშეს ქვემოქართლელთა როგორც უკანა, ისე წინახაზელებმაც. რუსთავი როგორც შორი სროლებით ხეირობდა, ისე სამწამიან ზონაში ბატონობდა. მატჩის ბოლო პერიოდი ფაქტობრივად ფორმალობა აღმოჩნდა. განახევრებული შემადგენლობით დარჩენილი გრიფინი 30 ქულის გამბათილებელს არ ჰგავდა და ეს, ცხადია, არც მომხდარა. რუსთავმა შეხვედრა 93:65 (სტატისტიკა) მოიგო და სერიაში 2:0 დაწინაურდა.

გამარჯვებულებს ამერიკელმა ლეგიონერებმა – კევონ ვოილსმა (20 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი) და დომენიკ კეისმა (12 ქულა, 10 მოხსნა) ულიდერეს. კასპის გრიფინშიც ამერიკელები – მონტეს მატისი და ზებ გრეჰემი გამოირჩნენ. ორივემ 13-13 ქულა დააგროვა.

ფინალური სერიის მე-3 მატჩი კასპში, 10 აპრილს გაიმართება.

gbf.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow