სწავლის საფასურის ზრდა, აკადემიური პერსონალისთვის ხელფასების მატებითაა განპირობებული – UG School
სწავლის საფასურის ზრდა მრავალფაქტორიანი პროცესია, თუმცა UG School-ის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მასწავლებლების ხელფასების ყოველწლიური ზრდაა, რაც განათლების სექტორში კონკურენციის ზრდის ფონზე აუცილებელია. როგორც BMGTV-ს გადაცემაში “ქალების ნარატივი” სკოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თინათინ თოფურიამ აღნიშნა, ყოველწლიურად ხელფასების ბიუჯეტი მინიმუმ 5%-ით იზრდება, რაც თავის მხრივ სასწავლო გადასახადის 3 წელიწადში ერთხელ დაახლოებით 15%-იან ზრდას განაპირობებს. “სკოლა […]


სწავლის საფასურის ზრდა მრავალფაქტორიანი პროცესია, თუმცა UG School-ის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მასწავლებლების ხელფასების ყოველწლიური ზრდაა, რაც განათლების სექტორში კონკურენციის ზრდის ფონზე აუცილებელია.
როგორც BMGTV-ს გადაცემაში “ქალების ნარატივი” სკოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თინათინ თოფურიამ აღნიშნა, ყოველწლიურად ხელფასების ბიუჯეტი მინიმუმ 5%-ით იზრდება, რაც თავის მხრივ სასწავლო გადასახადის 3 წელიწადში ერთხელ დაახლოებით 15%-იან ზრდას განაპირობებს.
“სკოლა ძირითადად ხელფასებზეა აწყობილი. თუ არ გავზარდეთ ანაზღაურება, ჩვენს კადრებს მაღალი კონკურენციის პირობებში სხვა საერთაშორისო სკოლები გადაიბირებენ. პედაგოგებზე ყოველწლიურად ნადირობაა – საერთაშორისო სკოლები ჩვენი კადრების გადაბირებას ცდილობენ”, – ამბობს ადმინისტრაციის უფროსი.
მისივე თქმით, მიუხედავად საერთაშორისო სტატუსისა, ამ ეტაპზე UG School ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ტარიფს ინარჩუნებს და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ხელმისაწვდომი საერთაშორისო სკოლაა. თუმცა როგორც სკოლის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, გადასახადის მატება მომდევნო სამ წელიწადშიც მოსალოდნელია, რადგან სხვა სკოლებისთვის კონკურენციის გაწევა უწევთ.
“საქართველოს ბანკის ჰოლდინგმა რამდენიმე სკოლა შეიძინა. ისინი საერთაშორისო სტანდარტებზე გადაიყვანა და გააფართოვა. ამ სკოლების გაფართოებამ კვალიფიციური ინგლისურენოვანი მასწავლებლების კიდევ უფრო მეტი საჭიროება გააჩინა. ასეთ პირობებში, თუ შესაბამის ანაზღაურებას არ შევთავაზებთ ჩვენს პედაგოგებს, ისინი უბრალოდ სხვა სკოლაში გადავლენ”, – აღნიშნავს თოფურია.
სკოლის ადმინისტრაცია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ კვალიფიციური ინგლისურენოვანი მასწავლებლების პოვნა კვლავ რჩება გამოწვევად, თუმცა ახალი თაობის ზრდასთან ერთად, ვითარება ნელ-ნელა უმჯობესდება.
გარდა ამისა, სკოლის წარმომადგენლის თქმით, UG School-ის ერთ-ერთი ძლიერი მხარე “საქართველოს უნივერსიტეტთან” პარტნიორობაა, რომლის პროფესორ-მასწავლებლებიც სასკოლო სწავლების პროცესში აქტიურად ერთვებიან.
რაც შეეხება მოსწავლეთა ნაკადებს, თოფურიას ინფორმაციით, რუსულენოვანი მიგრანტების აქტიური შემოდინების პერიოდში, საერთაშორისო სკოლებში მომართვიანობა მკვეთრად იყო გაზრდილი და მოთხოვნის მიწოდებაზე პასუხი, გამოწვევა იყო. თუმცა მიმდინარე წელს ვითარება დასტაბილურდა და მოსწავლეთა მიღება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ინფორმაციისთვის, “თიბისი კაპიტალის” მიხედვით, თბილისის კერძო სკოლების 47%-ში სწავლის წლიური საფასური 6,000-დან 12,000 ლარამდე მერყეობს, ხოლო 24%-ში 12,000 ლარზე მეტია. კერძო სექტორმა 2023 წელს 242 მილიონი ლარი გამოიმუშავა, რაც წინა წელთან შედარებით 21%-ით მეტია. ეს ზრდა განპირობებული იყო როგორც სწავლის საფასურის, ასევე, კერძო სკოლებში ჩარიცხული მოსწავლეთა რაოდენობის ზრდით.
What's Your Reaction?






