ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს
ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს

აღნიშნულ პროგრამას რეგიონების განვითარების დეპარტამენტი ფიბა-ს სპეციალურ ფონთან თანამშრომლობით ახორციელებს. ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდი (YDF) შესაბამისი მიზნობრიობის პროექტებს აფინანსებს, რითაც ჩვენს დეპარტამენტს საშუალება ეძლევა, საქართველოს რეგიონებისთვის ყველა სახის საკალათბურთო ატრიბუტიკა შეიძინოს – დაწყებული ფორმებით, დასრულებული თანამედროვე ტაბლოებითა და საკალათბურთო ტრენაჟორებით.პროგრამის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონმა არაერთხელ მიიღო საჭირო ინვენტარი და ეს პროცესი აღმასვლით მიმდინარეობს.
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას მჭიდრო კავშირი აქვს რეგიონულ ფედერაციებთან, რომლებსაც გადასცემს ყველა სახის ატრიბუტიკას და ეს უკანასკნელი მოთხოვნილების შესაბამისად ანაწილებს რეგიონის ყველა ქალაქსა თუ სოფელზე, სადაც საკალათბურთო წრეები ფუნქციონირებს. ამჯერად ამუნიცია მიიღო რაჭა-ლეჩხუმის რეგიონმა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ინვენტარის ძირითადი ნაწილი ამბროლაურში ჩაიტანეს, საიდანაც ის მთელს რეგიონზე განაწილდება.
ამბროლაურის შემდეგ რეგიონების განვითარების დეპარტამენტის საკალათბურთო ქარავანი ონისკენ დაიძრა, სადაც თანამედროვე ტაბლო და სროლის დასახვეწი ტრენაჟორი ჩაიტანა. ონში სტუმრებს დიდი ყურადღებით დახვდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს კალათბურთისადმი საგრძნობი ინტერესი აქვთ და ფედერაციის წარმომადგენლებსაც აღუთქვეს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ყველანაირად შეუწყობენ ხელს სპორტის ამ სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციას.
GBF.GE
What's Your Reaction?






