ჭაბუკთა B ლიგა | საჩემპიონო პლეი ოფში 1/8-ფინალისტები დაწყვილდნენ

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის მე-2 ჯგუფური ეტაპის შემდეგ გამართულმა წინასწარმა პლეი ოფმა, საჩემპიონო პლეი ოფის წყვილთა ვინაობა გაარკვია....

მაი. 10, 2025 - 13:27
 0
ჭაბუკთა B ლიგა | საჩემპიონო პლეი ოფში 1/8-ფინალისტები დაწყვილდნენ
ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის მე-2 ჯგუფური ეტაპის შემდეგ გამართულმა წინასწარმა პლეი ოფმა, საჩემპიონო პლეი ოფის წყვილთა ვინაობა გაარკვია. „ოქროს“ ჯგუფის 12-ივე მონაწილესთან ერთად, საჩემპიონო მარათონში მონაწილეობას „ვერცხლის“ ჯგუფის 4 წარმატებული გუნდიც (‘ჩაქვი’, ‘რაშები’, ‘ყოჩები წითელი’ და ‘ლელო’-2) მიიღებს.

2-მატჩა წინასწარ პლეი ოფში განსაკუთრებულ ყურადღებას ელიტის 6 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდის ერთურთში ჩასატარებელი შეხვედრები იპყრობდა. წყვილებში წარმატებულმა გუნდებმა შესაბამისი საკლასიფიკაციო ნომრები მიიღეს. საჩემპიონო პლეი ოფის ყველა ეტაპი 1-მატჩა იქნება და მოედნის უპირატესობით უკეთეს-ნომრიანი გუნდები ისარგებლებენ. ივნისის შუაწელს გასამართ სატიტულო შეხვედრის ლოკაციას კი რაგბის კავშირი მოგვიანებით განსაზღვრავს.

„ოქროს“ ჯგუფების გამარჯვებულების - ‘ხვამლისა’ და ‘ლელოს’ პირველი შეხვედრა მუხიანში გაიმართა. მატჩის დებიუტში მასპინძლები მგეზავ გიორგი ირემაძის გატანილი ჯარიმით დაწინაურდნენ, რის შემდგომ „ხვამლი არენაზე“ სრულად ჩემპიონი დომინირებდა. ბექა ყორიაულის 8 შეგირდმა მოახერხა ლელოს გატანა, ‘ხვამლი’ კი 2 ლელოს დაჯერდა. ჩემპიონის წარმატებას სათავე ბურჯ გიორგი ბერძენიშვილის დადებულმა ლელომ დაუდო, წერტილი კი მღლეტელ საბა გიორგიძის გატანილმა ლელომ დაუსვა. ‘ლელომ’ პირველი რკენა დამაჯერებლად - 48:15 მოიგო.

მესამე მასივში გამართულ საპასუხო შეხვედრაში ჩემპიონის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახლდათ. ბექა ყორიაულის შეგირდებმა მუხიანელებს 7 უპასუხო ლელო დაუდეს და მათ შორის 3 ლელო ჩემპიონმა საკუთარი 22-იდან დაწყებულ სწრაფ, კომბინაციურ სტილში გაიტანა. ‘ლელოს’ წარმატებას საფუძველი შუამარბ ლუკა ჯიქიძის გატანილმა ლელომ დაუდო, წერტილი კი ფულბეკ ოთო ტალახაძის დადებულმა ლელომ დაუსვა. აღსანიშნავია, რომ ტალახაძეს მხოლოდ საკუთარი ლელოს გარდასახვა გაუცუდდა. ჩემპიონმა 47:0 მოიგო და საჩემპიონო პლეი ოფში პირველ ნომრად ითამაშებს.

RUGBY.GE

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow