“ხალხური შემოქმედების ელემენტები ორგანულად უნდა ერწყმოდეს კლასიკას”

ახლა, ყველა უმაღლეს სასწავლბელში საგამოცდო ციებ-ცხელებაა. მთელი წლის შრომა,  ერთ გამოცდაში მოიყრის თავს და შესაბამისი შეფასებით დასრულდება სასწავლო წელი. News.ge სტუმრად ეწვია შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებს და დაესწრო კლასიკური ცეკვის გამოცდას – პედაგოგი, მაია ლიპარტიანი. გამოცდას ესწრებოდა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი – ქორეოგრაფიის მკვლევარი, ქორეოგრაფი, ქორეოგრაფიული მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო […]

ივნ. 29, 2025 - 18:57
 0
“ხალხური შემოქმედების ელემენტები ორგანულად უნდა ერწყმოდეს კლასიკას”

ახლა, ყველა უმაღლეს სასწავლბელში საგამოცდო ციებ-ცხელებაა. მთელი წლის შრომა,  ერთ გამოცდაში მოიყრის თავს და შესაბამისი შეფასებით დასრულდება სასწავლო წელი.

News.ge სტუმრად ეწვია შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებს და დაესწრო კლასიკური ცეკვის გამოცდას – პედაგოგი, მაია ლიპარტიანი.

გამოცდას ესწრებოდა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი – ქორეოგრაფიის მკვლევარი, ქორეოგრაფი, ქორეოგრაფიული მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი ეკატერინე გელიაშვილი, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ წამყვანი სოლისტი ნინო გოგუა, მხატვარი დარია ავსაჯანიშვილი.

 

ეკა, რა დონეზე უნდა ფლობდეს აბიტურიენტი საცეკვაო ილეთებს და როგორ იწყება სტუდენტისთვის სასწავლო პროცესი ქორეოგრაფიაში?

პირველ რიგში მადლიერი ვარ ქორეოგრაფიული მიმართულების სასწავლო პროცესით თქვენი დაინტერესებისათვის.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ქორეოგრაფიულ მიმართულებაზე აბიტურიენტთა მიღება ხორციელდება ერთიან ეროვნულ გამოცდებთან ერთად (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად) საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ტურებით, სადაც სხვადასხვა დავალებების შესრულებით, აბიტურიენტი წარმოაჩენს ქორეოგრაფიულ საშემსრულებლო და შემოქმედებით საბაზისო უნარებს. საშესრულებლო უნარები (საცეკვაო მოძრაობების ფლობა) საკმაოდ მაღალ დონეზე უნდა წარმოჩინდეს, რადგან კონკურსი ჩვენთან ყოველთვის მაღალია და შესაბამისად, ირჩევა საუკეთესო.

ჩვენი სასწავლო მეთოდოლოგია თავისი სტრუქტურით წარმოადგენს თეორიულ-მეთოდური და პრაქტიკულ-შემოქმედებითი მეცადინეობების პარალელში მიმდინარე პროცესს. შემოქმედებით პროცესში გასარკვევად პირველივე კურსიდან სტუდენტები შესავალი კურსების სახით ეცნობიან ქორეოგრაფიული ხელოვნების სპეციფიკას, სადადგმო ხელოვნების თავისებურებებსა და სხვადასხვა მიმართულების საცეკვაო პრაქტიკას. პრაქტიკულ სამუშაოებს სტუდენტი იწყებს სწავლის დაწყებისთანავე. იგი წარმოადგენს ჯგუფში წარმოებულ სავარჯიშოებს სხვადასხვა სახის სიმულაციური და როლური თამაშებით, ეტიუდებითა და ფრაგმენტებით, საცეკვაო კომბინაციებით, დასრულებული საცეკვაო ნომრებით, ასევე, დამოუკიდებლად შესასრულებელი სამუშაოებითა და სხვადასხვა ფორმატის პრეზენტაციებით. სტუდენტები სწავლების პირველივე სემესტრიდან მოიაზრებიან როგორც დამწყები დამდგმელი ქორეოგრაფები. იმავდროულად, ისინი თავადვე მონაწილეობენ შემსრულებლებად თანაკურსელებისა და პედაგოგების საპრეზენტაციო საკურსო პროექტებში. პირველი სემესტრიდან  იწყებს სტუდენტი ქორეოგრაფიულ სადადგმო სამუშაოს, თავდაპირველად მუშაობს მცირე ფორმატის ეტიუდზე, ხოლო პირველი კურსის ბოლოს, ის უკვე ახორციელებს მცირე ფორმატის ცეკვას. თანდათანობით დავალებები რთულდება და იზრდება წარმოსადგენი ცეკვის ფორმატიცა და ქრონომეტრაჟიც.

პირადად მე, პირველივე შეხვედრაზე სტუდენტებთან გაცნობის შემდეგ, ვსაუბრობ ზოგადად დარგის და ჩვენს მიმართულებაზე სასწავლო პროცესის რთულ სპეციფიკაზე, ასევე აუცილებლად ვუმახვილებ ყურადღებას საკუთარ თავზე მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავების აუცილებლობაზე, რადგან ამის გარეშე არაფერი გამოდის. რაც უნდა კარგი სასწავლო პროგრამა შევადგინოთ და საუკეთესოდ მივაწოდოთ ლექტორებმა მასალა, თუ თავად არ მოინდომა სტუდენტმა, თუ დამოუკიდებლად არ იმუშავა საკუთარი უნარ-ჩვევების ამაღლებაზე, ვერ შედგება საინტერესო სპეციალისტად და შემოქმედად.

საინტერესოა, განსხვავდება თუ არა სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტების სასწავლო პროგრამა, დამდგმელი ქორეოგრაფების პროგრამისგან?

სხვაობა ძალიან დიდია, მით უფრო სამსახიობო მიმართულების პროგრამასთან, რადგან ჩვენ ვამზადებთ არა მსახიობ-მოცეკვავეებს, არამედ დამდგმელ ქორეოგრაფებს. თუმცა, ჩვენი სტუდენტები სწავლობენ სამსახიობო ოსტატობასაც და არაერთ პრაქტიკულ ქორეოგრაფიულ საშემსრულებლო საგანს საცეკვაო უნარ-ჩვევების ასამაღლებლად.

ეს პროგრამა და ზოგადად პროფესია, მსგავსებას შედარებით მეტად ამჟღავნებს დრამის რეჟისორის პროფესიასთან, რადგან ორივე ხელოვნების სინთეზური დარგია, ორივეს სადადგმო პროცესთან აქვს  საქმე,  თუმცა ხელოვნების სხვადასხვა „ენით“ და სხვაობაც ამის საფუძველზე შესამჩნევია.

ჩვენს უნივერსიტეტში სადადგმო ხელოვნების ორივე პროგრამა (სარეჟისორო და ქორეოგრაფიული) ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს, ექსკლუზიურია ჩვენს ქვეყანაში და ფაქტობრივად, ორიენტირებულია სადადგმო ოსტატობაში ახალი მეთოდების შემუშავებაზე და მის შემოქმედებით-პრაქტიკულ საქმიანობაში რეალიზებაზე. ოსტატ-შეგირდის   ურთიერთობა საშუალებას იძლევა შეიქმნას ერთგვარი შემოქმედებითი, ექსპერიმენტული ლაბორატორია, სტუდია და რაც ყველაზე მთავარია, სტუდენტი პრაქტიკულ სამუშაოსთან ერთად, დაკავებულია  თეორიულ-ანალიტიკური კვლევით.

ჩვენმა მაგისტრმა ქორეოგრაფებმა უნდა იტვირთონ როგორც ქორეოგრაფიული ხელოვნების შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა, ასევე, კვალიფიციური პედაგოგ-ქორეოგრაფისა და დარგის კომპეტენტური ექსპერტის ფუნქციაც.

ეკა, თქვენგან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ მაღალკვალიფიცირებულ კადრებს ზრდით! საინტერესოა, დასაქმების ბაზარზე არის  მოთხოვნა პროფესიონალ დამდგმელ და პედაგოგ-ქორეოგრაფებზე?

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ქორეოგრაფიული სპეციალიზაცია საკმაოდ რეიტინგულია. შრომისა და დასაქმების ბაზარზე საკმაოდ დიდია მოთხოვნა პროფესიონალ დამდგმელ და პედაგოგ-ქორეოგრაფებზე, როგორც პრაქტიკოსებზე, ისე მეთოდისტებზე.

ორ ათეულ წელზე მეტია, რაც საქართველოში დაიწყო უმაღლესი კვალიფიკაციის კადრების მომზადება ქართულ  ქორეოგრაფიაში. მანამდე საქართველოში ქორეოგრაფიის განხრით უმაღლესი სკოლა არ არსებობდა და ამ კუთხით უმაღლეს განათლებას საზღვარგარეთ იღებდნენ ერთეულები. საქართველოში არსებობდა მხოლოდ კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლების სისტემა, სადაც საშუალო სპეციალურ განათლებას იღებდნენ და თვითმოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელს ამზადებდნენ. ამჟამად, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ამზადებს უმაღლესი აკადემიური კვალიფიკაციის (საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე) დამდგმელ ქორეოგრაფს, როგორც ბავშვთა, ასევე თვითმოქმედი და პროფესიული ანსამბლებისათვის, სახელოვნებო საგანმანათლებლო ორგანიზაციებისათვის, რომელიც გარდა სახელოვნებო სადადგმო უნარ-ჩვევებისა, საჭიროებს ქორეოგრაფიულ პედაგოგიურ განათლებასაც.

საქართველოში, ქორეოგრაფიული სფეროს შრომის ბაზარს მზარდი პოტენციალი გააჩნია, რაც მომავალ ქორეოგრაფებს უქმნის მოტივაციას ცოდნის მიღების პროცესში. ქორეოგრაფიის დარგობრივი მიმართულებების გათვალისწინებით (შემთხზველი, დამდგმელი, პედაგოგი, რეპეტიტორი) კარიერის პერსპექტივები ფართოა და მოიცავს დასაქმებას სხვადასხვა სექტორში: პროფესიული, ზოგადი ან უმაღლესი განათლების საფეხურზე; სახელმწიფო თუ კერძო ქორეოგრაფიული ანსამბლები, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები; შემოქმედებითი დასები, სტუდიები და სახელოსნოები;  შოუ-პროგრამები;  თეატრალური და სატელევიზიო დადგმები; კინო ინდუსტრია და სხვა.

ეკა, თქვენ ბრძანდებით ქორეოგრაფიული მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი – საინტერესოა ამ მიმართულებით რა სიახლეებია თეატრალურ უნივერსიტეტში

ქორეოგრაფიის  უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის  საგანმანათლებლო პროგრამები პირველ რიგში ეფუძნება სტანდარტს – საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და საქართველოს საკანონმდებლო მოთხოვნებს,  ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს, უმაღლესი განათლების ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს, მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს, შრომის ბაზრის მოთხოვნებს, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მოქმედ სტანდარტებს.

ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამები, რასაკვირველია, შექმნილია შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით და სწორედ ეს განაპირობებს გარკვეული სიახლეების შემოტანას ჩვენს პროგრამაში. „ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის“ საბაკალავრო  და „სადადგმო ხელოვნების“ სამაგისტრო ქორეოგრაფიული მიმართულების პროგრამებზე, გარდა ზოგადსაუნივერსიტეტო სავალდებულო საგნებისა და სადადგმო ხელოვნების თეორიულ-პრაქტიკული კურსებისა, სტუდენტები სწავლობენ ქორეოგრაფიის ჟანრობრივ თითქმის ყველა მიმართულებას პრაქტიკა-მეთოდიკით, მათ შორის როგორც ისტორიულ, ასევე  კლასიკურ და თანამედროვე ცეკვას. ძალიან საინტერესო სასწავლო კურსები გვაქვს სახელოვნებო მომიჯნავე დისციპლინებიდანაც, რადგან ქორეოგრაფიული მომზადება, დარგის სინთეზურობიდან გამომდინარე,  საჭიროებს მრავალმხრივ განათლებას როგორც თავად სფეროში, ასევე დარგის დამხმარე სახელოვნებო მიმართულებებში.

ორიოდე წელია დავამატეთ ძალიან აქტუალური სასწავლო კურსი – „კასტინგისთვის მომზადება“, რომელიც უზრუნველყოფს კურსდამთავრებულის ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, როგორიცა: საკუთარი თავის პრეზენტაცია, პორტფოლიოს შექმნა, კამერასთან მუშაობა, სტრესულ გარემოში ქმედების უნარი და სხვა. პროგრამაში სტუდენტებს შევთავაზეთ ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფისთვის, ვფიქრობთ, ძალიან საჭირო კურსები – „ქორეოგრაფიულ ანსამბლთან მუშაობის მეთოდიკა“ და „ქართული ტრადიციული (საფერხულო) სიმღერა“. ახლახანს დაემატა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კურსი „ინკლუზიური ცეკვის სწავლება და მისი მეთოდიკა“, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენს უნივერსიტეტში ისწავლება, რაც დამეთანხმებით დღეს ძალიან აქტუალური და საჭიროა კვალიფიციური განათლებული კადრების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის ამ მიმართულებით.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩვენს პროგრამაზე ისწავლება ის სპეციალობები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ქორეოგრაფიული პროდუქტის შექმნას, ცეკვის სწავლების მეთოდიკას, თეორიისა და პრაქტიკის ანალიზს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ქორეოგრაფიული მიმართულების მხოლოდ საბაკალავრო საფეხურზე მომავალ „დამდგმელ ქორეოგრაფებს“ ვთავაზობთ 95-მდე სხვადასხვა ძალიან საინტერესო სასწავლო კურსს, მათ შორის ისეთებს, რომელთა არჩევა თავად სტუდენტებს შეუძლიათ. მუდმივად ვაკვირდებით როგორც სასწავლო პროცესს, ასევე შრომის ბაზრის მოთხოვნებს, რომელიც მუდმივად ცვლის მოთხოვნებს კვალიფიციური სპეციალისტების მიმართ, რაც დღის წესრიგში აყენებს ცოდნის განახლების საჭიროებას.  შესაბამისად, მომავალშიც აუცილებლად გვექნება საინტერესო სიახლეები.

დარია, როგორც მხატვარი, შემოქმედი როგორ შეაფასებთ სტუდენტებისა და პედაგოგის ერთობლივ ნამუშევარს?

ძალიან მაღალი კლასის  პედაგოგია ქალბატონი მაია ლიპარტიანი. გემოვნება და შრომა ერთად იყო შერწყმული სტუდენტების ქორეოგრაფიაში. აღფრთოვანებული ვარ, როგორ შეიძლება ზრდასრულმა ადამიანმა რომელიც ბალეტის მოცეკვავე არ არის, ამდენი შეძლოს, ეს ნამდვილად პედაგოგის დამსახურებაა. ასევე მინდა აღვნიშნო კონცერტმეისტერის, ლეილა ბოჭორიშვილის მიერ შერჩეული მუსიკალური გაფორმება, რომელიც ძალიან უხდებოდა საგამოცდო ნომრებს.

ნინო, თქვენ მიწვეული სტუმარი იყავით თეატრალური უნივერსიტეტის პირველკურსელების გამოცდაზე… როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ მაია ლიპარტიანს მოწვევისთვის და თბილი მიღებისთვის. დარბაზში შესვლისთანავე პროფესიული გარემო დაგვახვედრა, ფაქიზად შერჩეული კომბინაციების წყობა ეტაპიბრივად გვაჩვენებდა სტუდენტების მიერ ათვისებული მასალის მრავალფეროვნებას. ძალიან სასიამივნოა თვალყურისდევნა თუ როგორი ნდობით და პატივისცემით თვალებში შეჰყურებდნენ ქალბატონ მაიას და ცდილობდნენ თავდაჯერებულად ეჩვენებინათ თავისი შესაძლებლობები. ბევრ რთულ არაპროგრამულ ილეთსაც გაართვეს თავი.

როგორც პროფესიონალმა, რა რჩევა-დარიგება მიეცით მომავალ დამდგმელ ქორეოგრაფებს?

ერთი რჩევით შემივიფარგლე – რაც შეიძლება სკრუპულოზურად, ზედმიწევნით შეისწავლონ ბალეტის საბაზისო საფუძვლები, არ დაიზარონ ჩაძიება მოძრაობების შესრულების ხარისხში, რადგან სწორედ კლასიკური ბალეტი საფუძველია ცეკვის ნებისმიერი მიმართულების. სწორედ ეს ცოდნა გვაძლევს საშუალებას შევქმნათ ახალი.

ნინო, აუცილებლად უნდა ვისარგებლო ამ მომენტით და გკითხოთ თქვენი მომავალი გეგმების შესახებ. ლადო გუდიაშვილის “ქრისტინე”-ს გაცოცხლებამ, რომლის იდეის ავტორი დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძეა, შეიძლება ითქვას, მთელი ქალაქი აღაფრთოვანა და ამ პერფორმანსზე აალაპარაკა

მოხარული ვარ რომ ასე მიიღო მაყურებელმა ჩვენი ნამუშევარი, 23 წელია სცენაზე ვდგავარ. ჩემთვის ძვირფასი და განსაკუთრებული სპექტაკლების რიცხვს მარიამ ალექსიძის “ქრისტინე-”ც შეემატა.

მომავალი წელი თბილისის თანამედეოვე ბალეტისთვის საიუბილეო წელია და დატვირთული სეზონი გველის. თუმცა ვიმედოვნებ, რომ “ქრისტინე“ კიდევ წარსდგება მაყურებლის წინაშე და დიდი სიხარულით გიასპინძლებთ ლადო გუდიაშვილის საგამიფენო დარბაზში!

მაია, თქვენ მისაღები გამოცდებიდანვე არჩევთ მომავალ სტუდენტებს? რა დონეზე უნდა ფლობდეს ცეკვის ილეთებს აბიტურიენტი?

ცხადია, მომავალ სტუდენტებს  ვარჩევთ უნარების მიხედვით. მათ უნდა ჰქონდეთ კარგი სმენა, რიტმის გრძნობა, პლასტიკა. აბიტურიენტები დაუფლებულნი უნდა იყვნენ ქართული ცეკვის ილეთებს.

თქვენ, კლასიკური ცეკვის ილეთებსაც ასწავლით. აქვე დავსძენ, რომ ახალგაზრდებს ნამდვილად გაუმართლდათ – თქვენ ხომ ვახტანგ ჭაბუკიანისა და ვერა წიგნაძის მოწაფე ხართ! რთულია მათთვის საბალეტო ილეთების დაუფლება?

ვახტანგ ჭაბუკიანი ახსენეთ. ქართული ცეკვის ჯადოქარი ბრძანებდა: „ხალხური შემოქმედების ელემენტები ორგანულად უნდა ერწყმოდეს კლასიკას“! მაგრამ დასმული კითხვის პასუხად ხაზგასმით უნდა მოგახსენოთ, რომ მეტისმეტად რთულია ზრდასრული ახალგაზრდისათვის კლასიკური ბალეტის მოძრაობების ათვისება – მას დიდი გულისყური და დაუღალავი შრომა სჭირდება.

რითი განსხვავდება სამსახიობო ფაკულტეტის და დამდგმელი ქორეოგრაფების სასწავლო პროგრამები?

პროგრამებში გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ დამდგმელი ქორეოგრაფები მომავალში ქართული ცეკვის პედაგოგებად ყალიბდებიან და მათ კლასიკური ცეკვის თეორია და პრაქტიკა მომავალში გამოადგებათ თვალსაწიერის გაფართოებისათვის; ხოლო სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტებს ასეთი ცოდნა საკუთარი გამომსახველობითი უნარების დასახვეწად სჭირდებათ, რადგანაც კლასიკური ცეკვის ილეთების გამოყენება აუცილებელია მათთვის სხვადასხვა სახის სპექტაკლებში, საკონცერტო გამოსვლებში, დივერტისმენტებში თუ კინოფილმებში მონაწილეობის დროს.

სპეციალურად საიტისათვის, ნინო ჩხეიძე

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow