"თბილისმა საბერძნეთი გაგვახსენა" - "მალმიოს" თავკაცის კომენტარი "იბერიასთან" მატჩამდე
"თბილისმა საბერძნეთი გაგვახსენა" - "მალმიოს" თავკაცის კომენტარი "იბერიასთან" მატჩამდე

"აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე ავტობუსში ვთქვით, რომ თბილისში ნამდვილად მაღალი ტემპერატურაა. დაახლოებით იგივე სიტუაცია გვქონდა სალონიკში, როცა გასულ ზაფხულს "პაოკს" ვეთამაშეთ – ამან ბევრი კარგი მოგონება გამიცოცხლა" – აღნიშნა რიდსტრომმა და იმედიანად განწყობილმა დაამატა:
"ბოლო თამაშებში ისეთი შთაბეჭდილება გვრჩებოდა, რომ სისწრაფე გვაკლდა და მეტოქის მოტეხვას ვერ ვახერხებდით. ახლა გვყავს ეკონგი, რომელიც ამ პრობლემას აგვარებს. ასევე ტაჰა ალი – ძალიან სახიფათო ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია შეტევის მონახაზის შეცვლა."
თუმცა მთავარი აქცენტი თბილისელ მოწინააღმდეგეზე გაკეთდა – შვედმა სპეციალისტმა ქართველების შიდა სიძლიერე და ევროპის არენაზე გამოცდილება ხაზგასმით აღნიშნა:
"იბერია" ამ ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია – ბევრად უკეთესი, ვიდრე ბევრი ფიქრობს, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე. მართალია, ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავიდნენ, მაგრამ ევროთასებზე მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ. შინ ძალიან ძლიერები არიან, სტუმრად – შედარებით სუსტები."
რიდსტრომი ფიქრობს, რომ ბურთის ფლობის ინიციატივა მის გუნდს ექნება, თუმცა არც მცირე მოდუნება არ უნდა დაუშვან, რადგან მასპინძლები კონტრშეტევებზე ძალზე საშიშნი არიან:
"ჩვენ ველით, რომ ბურთს ძირითადად ჩვენ ვაკონტროლებთ, მაგრამ "იბერიაც" კარგად ათამაშებს ბურთს. დაცვაში ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ. თუ ბურთს დავკარგავთ, უმნიშვნელოვანესია, პოზიციურად იდეალურად ვიყოთ განლაგებულნი – ქართველები კონტრშეტევებზე ფეთქებადად თამაშობენ.“
თბილისის "იბერიისა" და "მალმიოს" დაპირისპირება 8 ივლისს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
What's Your Reaction?






