ბოლო სამ თამაშში 10 გოლი გაგვიტანეს - რამდენად ძლიერ საფრანგეთს ვხვდებით დღეს

რა გუნდს წარმოადგენს რეალურად საფრანგეთი, რომელსაც დღეს უნდა შევხვდეთ

ივნ. 14, 2025 - 18:27
 0
ბოლო სამ თამაშში 10 გოლი გაგვიტანეს - რამდენად ძლიერ საფრანგეთს ვხვდებით დღეს
რამაზ სვანაძის მიერ გაწვრთნილი საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2025-ზე რიგით მეორე შეხვედრას დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე გამართავს, მეტოქე კი ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი საფრანგეთი იქნება.

ალბათ, ცოტა თუ მოელოდა, რომ პირველი ტურის შემდეგ საქართველო ჯგუფის სათავეში იქნებოდა, თუმცა პოლონელებთან მნიშვნელოვანი 3 ქულის აღების შემდეგ, ეს სურათი რეალობად იქცა. მიუხედავად ამისა, ფაქტი, რომ ფრანგებმა პირველ ტურში ქულები დაკარგეს, მათ საქართველოს წინააღმდეგ უფრო მოტივირებულს გამოიყვანს და ორმაგი ყურადღებით თამაში იქნება საჭირო.

ზოგადად, ეს მე-12 შემთხვევაა, როცა ფრანგები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს თამაშობენ და მათ საუკეთესო შედეგი შორეულ 1988 წელს დააფიქსირეს, როდესაც ფინალში საბერძნეთი 3:0 დაამარცხეს და ტიტულს ისტორიაში პირველად დაეუფლნენ, მის შემდეგ კი ფრანგებს ფინალი მხოლოდ ერთხელ, 2002 წელს აქვთ ნათამაშები.

ბოლო ევროპაზე საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრები 1/4-ფინალში გავიდა და ცხადია, მათ მიმდინარე ტურნირზე უფრო მეტის იმედები აქვთ, თუმცა საამისოდ საქართველოსთან და პოლონეთთან მძიმე ბრძოლების გადატანა მოუწევთ.

საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა ყველასგან გამორჩეული მაინც მატის ტელია, რომელსაც ზურგს მიუნხენის ბაიერნისა და ლონდონის ტოტენჰემის გამოცდილება უმაგრებს.

რაც შეეხება გუნდის მთავარ მწვრთნელს, ის 55 წლის ჟერალდ ბატიკლეა, რომელიც მთელი თავისი სამწვრთნელო კარიერა ძირითადად დამხმარე მწვრთნელად მუშაობდა, ახლა კი სანაკრებო დონეზე დიდ საქმეს პირველად შეეჭიდა.

3 თამაში და გაშვებული 10 გოლი, - ეს ფრანგებთან საქართველოს 21-წლამდე ნაკრების სტატისტიკაა, რაც სახარბიელო ნამდვილად არ არის. მიუხედავად ამისა, დასაიმედებლად გეტყვით, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე სულ 5 შეხვედრა გვაქვს ჩატარებული და ძირითად დროში ჯერ ერთხელაც კი არ წაგვიგია, რაც ფრანგებთან საბრძოლველად ნამდვილად კარგი შესავალია!

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow