ბორჯღალოსნები | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი
ბორჯღალოსნები | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი

ვინ იმსაჯებს ბორჯღალოსნებს ტესტებს?
საქართველო ზაფხულის ტესტებს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ ირლანდიასთან თამაშით ხსნის. ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული ტიერ1-ის მესამე გუნდია (შოტლანდიის და იტალიის შემდეგ), რომელიც საქართველოში ჩამოვა. შეხვედრა 21 საათზე დაიწყება.
მატჩის მთავარი მსაჯი იტალიელი ანდრეა პიარდი იქნება, რომელიც ბორჯღალოსნების შეხვედრას მეოთხედ განსჯის. წინა სამი თამაშიდან საქართველომ სამივე მოიგო და აქედან ორი სწორედ ტიერ1-ის ქვეყნებთან.
2021 წელს იტალიელის განსჯილ მატჩში რუსეთს კალინინგრადში 23:6 ვძლიეთ; 2022 წელს ისტორიაში პირველად უელსი დავამარცხეთ, თანაც კარდიფში - 13:12; ხოლო 2024 წელს ასევე სტუმრად იაპონიას მოვუგეთ 25:23. ამჯერად ტიერ1-ის ირლანდიას თბილისში ვეთამაშებით და იმედია პიარდისა და საქართველოს წარმატებული სერია გაგრძელდება.
ამის შემდეგ რიჩარდ ქოქრილის გუნდი სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე გაემგზავრება, სადაც 12 ივლისს ბლუმფონტეინში ადგილობრივ ფრენჩაიზ ‘ტოიოტა ჩიტასს’ ეთამაშება, 19 ივლისს კი ნელსპრუიტში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის წინაშე წარსდგება.
"ქურციკებთან" მატჩს ინგლისელი მეთიუ ქარლი განსჯის. 2016 წელს მან საქართველოს ნაკრების ორი თამაში იმსაჯა - სოჭში რუსეთს 24:7 ვძლიეთ, ხოლო კილმანროკში შოტლანდიამ 43:16 მოიგო.
rugby.ge
What's Your Reaction?






