რუსთავმა “ა” ლიგის ფინალში გრიფინი 3:0 დაამარცხა და სუპერლიგაში დაბრუნდა

რუსთავმა “ა” ლიგის ფინალში გრიფინი 3:0 დაამარცხა და სუპერლიგაში დაბრუნდა

აპრ. 11, 2025 - 05:27
 0
რუსთავმა “ა” ლიგის ფინალში გრიფინი 3:0 დაამარცხა და სუპერლიგაში დაბრუნდა
საკალათბურთო კლუბი რუსთავი სუპერლიგაში დაბრუნდა. კლუბი, რომელსაც ყველაზე მეტი სეზონი ჩაუტარებია საქართველოს უმაღლეს საკალათბურთო ლიგაში, ძველ ნავსაყუდელს დაუბრუნდა. 1 სეზონი ქვემოქართლელებმა “ა” ლიგაში გაატარეს, რადგან 2023-2024 წლების სეზონში სუპერლიგა დატოვეს. გუნდმა რეგულარულ ჩემპიონატში ბოლო ადგილი დაიკავა და ქვედა ლიგაში დაქვეითდა, საიდანაც დღეს, ფინალური სერიის მშრალად მოგების შემდეგ სუპერლიგაში დაბრუნდა.

გოგა ცეკვავას გაწვრთნილმა რუსთაველებმა “ა” ლიგის სეზონი 1 მარცხითა და 14 მოგებით დაასრულეს. ის 1 წაგებაც ფინალისტ კასპის გრიფინთან, რეგულარული ჩემპიონატის პირველ წრეში შეემთხვათ, რის გამოც მეორე წრეში და მოგვიანებით, ფინალურ სერიაში დამაჯერებელი რევანში აიღეს.

რუსთაველებმა ფინალური სერიის მე-3 მატჩი კასპში დღეს, არნახულად დაძაბულ, დრამატულ ბრძოლაში მოიგეს. თავად განსაჯეთ: მონტეს მატისმა რომ ორქულიანი ჩააგდო, თამაშის დასრულებამდე 5 წუთზე ნაკლები იყო და გრიფინი 93:78 იგებდა. აქ დაიწყო რუსთაველთა შტურმი, რაშიც თავიდან თავი კევონ ვოილსმა ისახელა, რომელმაც 1 წუთში საჯარიმოებიც ჩააგდო, ბურთიც ჩაჭრა, ორქულიანიც მიითვალა და მოკლედ რომ ვთხქვათ, სტუმართა ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირა.

კევონი ამაზე არ შეჩერდა, ჯარიმები კიდევ მიითვალა და აკაკი ლომოურის საპასუხო სამქულიანის შემდეგ, კასპელებს სამიანითვე უპასუხა და თამაშს იმტრიგა შეუნარჩუნა – 96:91 დასრულებამდე 2,5 წუთით ადრე. რუსთაველთა პრესინგმა გაჭრა, მონტეს მატისმა ორტარება გააკეთა და გუგა პატაშურმა რუსთაველთა ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. სულ მალე სტუმრებმა კიდევ ერთი ბურთი აიღეს დაცვაში დადომინიკ კეისის საჯარიმოებითა და პატაშურის ორულიანით მეტოქეს ქულით მიუახლოვდნენ – 97:98.

დაიწყო ბოლო წუთი და რუსთაველი ლუკა გიორგაძე აკაკი ლომოურზე დაჯარიმდა, რომელმაც ორივე სროლა ჩააგდო და გრიფინი 100:97 დააწინაურა. აქ კი ყველაფერი ერთმა მოთამაშემ – მალიკ დიტველმა გადაწყვიტა, რომელმაც გამთანაბრებელი სამქულიანი ჩააგდო, ხოლო როცა კასპელთა არქიმექულე ზებ გრეჰემმა საბედისწერო გარღვევა ააცილა, რუსთაველთა ბოლო და გამარჯვების მომტანი შეტევა წამოიწყო. მან მეტოქე ცამოიცილა, 3-ქულიანის ნიშნულს გასცდა, ჰაერში აიწია და … ფარში სროლის ნაცვლად სამწამიან ზონაში ეულად დარჩენილ პატაშურს უპასა, რომელმაც რუსთაველთა დამაწინაურებელი ბურთი საფინალო სირენამდე 0.7 წამით ადრე ჩააგდო.

ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა და კასპელებმა ვეღარაფერი შეცვალეს. გრეჰემმა წინა აბზაცში ხსენებული გარღვევა კი ააცილა, მაგრამ მანამდე 46 ქულა ჩააგდო, რაც “ა” ლიგის მიმდინარე სეზონის რეკორდია. ანუ ის ფაქტობრივად გაუჩერებელი იყო და ამიტომაც იგებდა თამაშის 39 წუთს გრიფინი. გრეჰემი დასახელდა “ა” ლიგის საუკეთესო მოთამაშედ და მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე შესაბამისი პრიზიც ჩაიბარა. იშვიათია, დამარცხებული გუნდიდან საუკეთესოს დასახელება, თუმცა გრეზემმა მთლად ფინალივით ვერა, მაგრამ მთელი სეზონი მოწოდების სიმაღლეზე ჩაატარა.

რუსთაველთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. კასპში ჩამოსულმა ქომაგებმა რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან და კალათბურთელებთან ერთად იზეიმეს სუპერლიგის საგზურისა და “ა” ლიგის ჩემპიონობის მოპოვება. მატჩის შემდეგ რუსთაველები მედლებით დააჯილდოვეს სუპერლიგის დირექტორმა გიორგი ჯაფარიძემ და მისმა მრჩეველმა, კობა კობიაშვილმა. ზებ გრეჰემს MVP-ის თასი გიორგი ჯაფარიძემ გადასცა, ხოლო რუსთაველთა კაპიტანი, მიხეილ ჭოჭუა “ა” ლიგის საჩემპიონო თასით კობა კობიშვილმა დააჯილდოვა.

რუსთავმა სეზონი ტრიუმფით დაასრულა. ფინალში წაგებულ კასპის გრიფინს სუპერლიგაში აღზევების კიდევ ერთი შანსი დარჩა. კასპელები სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა, მე-10 გასულ გუნდს საკვალიფიკაციო რაუნდში დაუპირისპირდებიან და გამარჯვებული მომავალ სუპერლიგაში ადგილს მოიპოვებს/შეინარჩუნებს.

gbf

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow