ჭონქაძეზე სახლის რესტავრაციის შემდეგ დაკარგული რკინის ღობე ჯართშია ჩაბარებული – ელისაშვილი
ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილის განცხადებით, თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე, პოლონელი არქიტექტორის ალექსანდრე შიმკევიჩის სახლის თანადროული რკინის ღობე ჯართშია ჩაბარებული. როგორც ცირა ელისაშვილი ამბობს, რკინის ღობე შენობის რესტავრაციის შემდეგ დაიკარგა და რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ჯგუფში ანონიმურად ყიდდნენ. „პოლონელი არქიტექტორის ალექსანდრე შიმკევიჩის სახლი დანიელ ჭონქაძის 8 ნომერში ბევრმა ვიცით. რამდენიმე წლის წინ ამ შენობის გამაგრება მთაწმინდის გამგეობამ დააფინანსა. […]


ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილის განცხადებით, თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე, პოლონელი არქიტექტორის ალექსანდრე შიმკევიჩის სახლის თანადროული რკინის ღობე ჯართშია ჩაბარებული.
როგორც ცირა ელისაშვილი ამბობს, რკინის ღობე შენობის რესტავრაციის შემდეგ დაიკარგა და რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ჯგუფში ანონიმურად ყიდდნენ.
„პოლონელი არქიტექტორის ალექსანდრე შიმკევიჩის სახლი დანიელ ჭონქაძის 8 ნომერში ბევრმა ვიცით. რამდენიმე წლის წინ ამ შენობის გამაგრება მთაწმინდის გამგეობამ დააფინანსა. შენობის გამაგრება მოხდა რესტავრაციის პროექტის გარეშე (ტასზე რესტავრაციის პროექტი არ დევს). ამიტომაც არის რომ შემთხვევითი ფერის ფასადი და გაუგებარი დეკორატიული ელემენტები მოვიღეთ და ამ სამუშაოების შედეგად დაიკარგა შენობის თანადროული რკინის ღობე, პირველი სართულის ფანჯრის ცხაურები და ასფალტი გადააგეს ფასადის წინ არსებულ მცირე ზომის ეზოს. გამგეობიდან, რომელიც იქვე, ზუბალაშვილის ქუჩაზეა, არავის მოსვლია აზრად შესრულებული სამუშაოების შემოწმება, სხვა შემთხვევაში ღობის გაქრობას მაინც შეამჩნევდნენ.
რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ჯგუფში გამოჩნდა ანონიმური პირის მიერ დადებული განცხადება, სწორედ ამ ღობის ფოტოთი, რომელსაც 3000 ლარად ჰყიდდა. განცხადება მალევე წაიშალა“, – წერს ცირა ელისაშვილი Facebook-ზე.
ცირა ელისაშვილის ბოლო ინფორმაციით, ღობე ჯართში ჩააბარეს, თუმცა ვინ – ეს უცნობია.
„ღობეს მივაგენით! ვინც ჰყიდის მესამე ხელია, ჯართში ჩაბარებული იყიდა. სამშენებლო ფირმასთან და მაცხოვრებლებთან (აქედან ერთ-ერთმა გაყიდა) კავშირი არ აქვს.
ღობე დასაბრუნებელია, რასაც ტრანსპორტირების და მონტაჟის თანხა უნდა დაემატოს. ვიცი, რომ მოპარულში თანხის გადახდა ქურდობის წახალისებაა, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა და სრული თანხა რომ მქონდეს არც დავწერდი. ზუსტად ვიცი, რომ ამ შანსს ვერ დავკარგავ…
ანგარიშს ვდებ კომენტარებში. 5-10 ლარითაც შევაგროვებთ. მჯერა“, – წერს ცირა ელისაშვილი Facebook-ზე.
ნეტგაზეთი ღობის დაკარგვასთან დაკავშირებით თბილისის მერიასაც დაუკავშირდა. თუმცა მერიისგან ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.
ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მათგან პასუხს ელოდება. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ფოტო: FB/ ცირა ელისაშვილი
What's Your Reaction?






