ბოსნიისა და ბელარუსის ჩემპიონით - "იბერია" სატრანსფერო ფანჯარაზე გამოცდილი ფორვარდით გაძლიერდა

ბოსნიისა და ბელარუსის ჩემპიონით - "იბერია" სატრანსფერო ფანჯარაზე გამოცდილი ფორვარდით გაძლიერდა

ივნ. 20, 2025 - 04:27
 0
ბოსნიისა და ბელარუსის ჩემპიონით - "იბერია" სატრანსფერო ფანჯარაზე გამოცდილი ფორვარდით გაძლიერდა
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი იბერია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში აქტიურობას არ აპირებს და კოტ-დიუვარელი მცველის, არმელ ზოჰურის დამატების შემდეგ, შემადგენლობა მორიგი მნიშვნელოვანით შეავსო.

LaGazzetta-ს ქართული რედაქციის ინფორმაციით, დედაქალაქურმა კლუბმა 28 წლის ცენტრ-ფორვარდი ანეს რუსევიჩი შეიძინა.

ბოსნიური წარმოშობის ფეხბურთელს შთამბეჭდავი კარიერული ბიოგრაფია აქვს: ის ბოლოს ჩრდ. მაკედონიური "რაბოტნიჩკის" ღირსებას იცავდა, მანამდე კი ბოსნიის ჩემპიონ "ზრინსკის" წევრი იყო. კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მონაკვეთი რუსევიჩმა ბელარუსულ გრანდში "ბატე ბორისოვში" გაატარა, რომელთან ერთადაც ქვეყნის ჩემპიონიც გახდა.

ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში, იბერია ამჟამად ბულგარეთში იმყოფება, სადაც გუნდი წინასასეზონო შეკრებას გადის. თბილისელებმა პირველი ამხანაგური მატჩიც ჩაატარეს და ალბანეთის ჩემპიონ "ეგნატიასთან" დაძაბულ ბრძოლაში ფრეს – 2:2 – დასჯერდნენ. რუსევიჩმა გუნდთან ერთად ვარჯიში უკვე დაიწყო და მისი დებიუტიც უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი.

თუმცა, წინასასეზონო სიახლეები მხოლოდ ახალ ტრანსფერს არ ეხება. "ეგნატიასთან" შეხვედრაში არ უთამაშია გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ივა გელაშვილს. არსებული ინფორმაციით, 25 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, შესაძლოა, გუნდს უახლოეს მომავალში დაემშვიდობოს. როგორც ირკვევა, გელაშვილის ხელშეკრულებაში მითითებულია სპეციალური პუნქტი, რომელიც მას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იბერიას საკუთარი სურვილით დატოვების შესაძლებლობას აძლევს – სავარაუდოდ, ფეხბურთელი სწორედ ამ უფლებას გამოიყენებს.

კლუბის მენეჯმენტის განცხადებით, გაძლიერებაზე მუშაობა გრძელდება და უახლოეს დღეებში "იბერიაში" კიდევ ორ ახალ ფეხბურთელს წარადგენენ, რაც ევროპული ასპარეზისთვის მზადების პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow