იღბლიანი მეტოქე - რა გუნდია პორტუგალია, რომელიც დღეს უნდა დავამარცხოთ

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისთვის ან დღეს დასრულდება, ან პირიქით, პლეიოფში გავალთ და საუკეთესო 8 გუნდის ერთ-ერთი მონაწილე ვიქნებით

ივნ. 17, 2025 - 14:57
 0
იღბლიანი მეტოქე - რა გუნდია პორტუგალია, რომელიც დღეს უნდა დავამარცხოთ
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისთვის ან დღეს დასრულდება, ან პირიქით, პლეიოფში გავალთ და საუკეთესო 8 გუნდის ერთ-ერთი მონაწილე ვიქნებით.

პირველ ტურში პოლონეთთან გამარჯვებით და საფრანგეთთან საოცრად დრამატული შეხვედრის შემდეგ, ცხადია, რომ ოპტიმიზმის დიდი საფუძველი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე საკმაოდ ძლიერი პორტუგალია იქნება.

პორტუგალიელთა ბირთვი ძირითადად შიდა ჩემპიონატის კლუბებიდან არის დაკომპლექტებული, მიმდინარე ტურნირზე კი ყველაზე ნათელი წერტილი 18 წლის შემტევი ჯოვანი კენდაა, რომელსაც ორ ტურში ამდენივე გოლი და ერთი საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი. მან ყოველივე ეს პოლონეთთან 5:0 მოგებულ შეხვედრაში შეძლო და 10-ბალიანი სისტემით უნაკლო შეფასებაც დაიმსახურა.

მეტოქის მთავარი მწვრთნელი 52 წლის რუი ჟორჟე გახლავთ, რომელსაც აქამდე მეტწილად პორტუგალიის ასაკობრივ ნაკრებებში აქვს ნამუშევარი და ახალი თაობის ფეხბურთელებს საკმაოდ კარგად იცნობს. პარალელს თუ გავავლებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჟორჟე რამაზ სვანაძის ანალოგია, რომელიც ასაკობრივ ნაკრებებში თავს უკვე ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.

ზოგადად, პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრებთან ისტორიაში სულ ორჯერ გვითამაშია, საიდანაც ერთხელ ჩვენ მოვიგეთ, ერთხელ კი ჩვენმა მეტოქემ. ამ ორიდან ოფიციალურ შეხვედრაში სწორედ ქართველებმა იმარჯვეს, ეს მატჩი კი მთელ საქართველოს ძალიან კარგად ახსოვს. 2023 წლის 21 ივნისს რამაზ სვანაძის გუნდმა პორტუგალიას 2:0 აჯობა და ურთულესი ჯგუფიდან პლეიოფში გასვლა შეძლო. ეჭვი არაა, რომ პორტუგალიის დამარცხების აქამდე არსებული პრეცედენტი ჩვენზე დადებითად იმოქმედებს.

გარდა ამისა, პორტუგალიელებთან მოგების გემო ევრო 2024-ზეც გამოვცადეთ, როცა ქვეყანა პლეიოფში გასვლის მიზერულ შანსებს ითვლიდა. საბოლოოდ იქაც ანალოგიური სხვაობით ვიმარჯვეთ და იქაც შევძელით პლეიოფში გასვლა, რაც, ასე თუ ისე საქართველოსთვის პორტუგალიის უხერხული მეტოქეობის სტატუსს ოდნავ ფერმკრთალს ხდის.

დღევანდელი შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და ჩვენი მიზანი მხოლოდ ერთია, - გამარჯვება და ზედიზედ მეორედ გასვლა 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში, რაც საქართველოსკენ ელიტური ფეხბურთის თვალებს კიდევ უფრო ფართოდ მომართავს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow